„ისლამთან ჩხუბი მსურს, ჯეკს კანფეტებს გავუგზავნი“ - მაჩადო გარიმ ავსტრალიელს დასცინა
UFC-ის ბევრი გულშემატკივარი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბში განვითარებული მოვლენებით იმედგაცრუებულია. ბუნებრივია, შენიშვნები და პრეტენზიები ძირითადად დამარცხებულის მისამართით ისმის და ყველას უკვირს ჯეკ დელა მადალენას უსუსური გამოსვლა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება იან მაჩადო გარიმაც გაამახვილა და ავსტრალიელი ყოფილი ჩემპიონი მკაცრად გააკრიტიკა:
„არ მეგონა, რომ მახაჩევი ასე მარტივად გაიმარჯვებდა. როდესაც ბრძოლას ვუყურებდი, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯეკი მწვრთნელებმა ოქტაგონში ძალით შეიყვანეს და მას ჩხუბის სურვილი არ ჰქონდა. ეს იყო საჩემპიონო ქამრის ყველაზე სუსტი დაცვა UFC-ის ისტორიაში, რის გამოც დელა მადალენასთვის კანფეტების გაგზავნის, ისლამთან კი ჩხუბის სურვილი გამიჩნდა. ჩემთვის იდეალური საღამო გამოვიდა - ჯეკი დამარცხდა, ლეონ ედვარდსი კი ნოკაუტში გაგზავნეს“.
შეგახსენებთ, რომ იან მაჩადო გარი მომდევნო ორთაბრძოლას სულ რამდენიმე დღეში, 22 ნოემბერს კატარში გამართავს, სადაც მისი მეტოქე დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი იქნება.