მბაპეს უსწრაფესი 400 გოლი - ეჭვები მხოლოდ პელეზეა
კილიან მბაპე გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 400 გოლი გაიტანა. ამ ბრწყინვალე შედეგს საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა გუშინ, უკრაინასთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში შესრულებული დუბლის წყალობით, 26 წლის, 10 თვისა და 24 დღის ასაკში მიაღწია, რაც არც ლიონელ მესის და არც კრიშტიანუ რონალდუს არ გაუკეთებია.
კილიანმა მხოლოდ რამდენიმე თვით აჯობა გერდ მიულერს (27 წლის, 2 თვის, 17 დღის) და ლიონელ მესის (27 წლის, 3 თვის და 3 დღის). თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მბაპეს 400-გოლიან ნიშნულზე მისასვლელად 537 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რითაც მას როგორც „ელ მონგოლიკო“ (525), ასევე მიულერი (403) აღემატება.
ცნობილი გამოცემები Get French Football News-ი და One Football-ი ავრცელებენ ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც პელემ 400 გოლს თავი მბაპეზე გაცილებით ახალგაზრდულ ასაკში მოუყარა, თუმცა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაცია ბრაზილიელ ლეგენდას შტატის პირველობებზე გატანილ ბურთებს არ უთვლის, რის გამოც კილიანს ერთპიროვნული რეკორდსმენის სტატუსი აქვს.