„თოფურიასთან ჩხუბი არ გვაინტერესებს“ | ისლამის გუნდში ილიაზე ისაუბრეს
ისლამ მახაჩევის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, მაგომედ ზაინუკოვმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ზაინუკოვმა განაცხადა, რომ მახაჩევს „ელ მატადორთან“ ჩხუბი დიდად არ აინტერესებს და ილიას ურჩევნია, ჯერ არმან ცარუკიანთან გაარკვიოს საუკეთესოს ვინაობა.
„თოფურია ჩვენ არ გვაინტერესებს, რატომ უნდა განვიხილოთ ის? ვის მოუგო, რომ ჩემპიონი გამხდარიყო? საუბარია მსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირაზე, რომელსაც მასთან ჩხუბამდე მხოლოდ ერთმოგებიანი სერია ჰქონდა.
ისლამი ოლივეირას მაშინ ეჩხუბა, როდესაც ჩარლზს ზედიზედ თერთმეტი გამარჯვება ჰქონდა და ის დომინანტურად დაამარცხა. მოდით, თოფურიამ ჯერ ცარუკიანთან გაარკვიოს ყველაფერი.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადავიდა, სადაც საჩემპიონო ქამრისთვის იასპარეზებს. ისლამი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება და მათი ორთაბრძოლა UFC 322-ის მთავარი მოვლენა გახლავთ.