ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„რთული და მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ლუის დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში საქართველო ესპანეთს მიიღებს. საქართველოსთან მატჩის წინ „ფურია როხას'' მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

რას ფიქრობს საქართველოსთან შეხვედრაზე

„რთული მატჩი გველის, რომელიც არაფრით დაემსგავსება ორნახევარი წლის წინანდელს. რთული იქნება — ჰყავთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ევროპის ლიგებში, განსაკუთრებით ესპანეთში. იმედია, ჩვენ გვექნება ისეთი დღე, რომ მოვიგოთ ეს თამაში, რომლის მნიშვნელობაც კარგად გვესმის.“

ესპანეთს საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი ჯერ არ გაუშვია

„ჩვენი მიზანი — მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება — საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირებულ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, გავიმარჯვოთ, რათა მუნდიალზე გასვლასთან ძალიან ახლოს ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ის, რაც მოგების საშუალებას მოგვცემს.“

როგორ უნდა მოემზადო მატჩისთვის ორ ან სამ დღეში

„ეს სანაკრებო პაუზებისას ნორმალურია. სამუშაოდ მცირე დრო გვაქვს, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და მოედანზე ვინც არ უნდა გავიდეს, კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით და ასეთ თამაშებს მშვიდად შევხვდებით. თითოეული მატჩი განსხვავებულია და ხვალ კიდევ ერთ საოცარ გუნდს ვნახავთ.“

პრობლემები, რომლებიც დიდ ნაკრებებს გაუჩნდათ და ესპანეთის 30-მატჩიანი წაუგებელი სერია

„აღმაფრთოვანებელია, როდესაც ხედავ ქვეყანას, რომელიც საკუთარი ეროვნული ნაკრების მიმართ ასეთი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ჩვენ, ნამდვილი პროფესიონალები, რეალობას არ უნდა გავცდეთ. აქ არავინ არაფერს გაჩუქებს და მოგება ძალიან რთული იქნება. საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია... გამარჯვება რთულია და გვინდა, პროგრესი განვაგრძოთ. გვინდა, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და რეალობიდან არ გავიდეთ. რასაც ეს გუნდი აკეთებს, ძალიან ძნელია, მაგრამ გვინდა, პროგრესი განვაგრძოთ.“

ლამინ იამალის გარშემო შექმნილი სიტუაცია

„საუკეთესო სიახლე ის არის, რომ მას კიდევ 15 წლით აკავშირებს კონტრაქტი. აწმყოზე უნდა ვიფიქროთ და არა მომავალზე. აწმყოში იმ ფეხბურთელების იმედი უნდა გვქონდეს, რომლებიც გუნდში ახლა არიან. უნდა გავიმარჯვოთ და კვალიფიკაცია გავიაროთ — ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ყველას შეუძლია პროგრესი და სწორედ ამას ვცდილობთ. ხვალინდელ შეხვედრაში უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ პროგრესი უნდა განვაგრძოთ.“

4 ტურის შემდეგ ესპანეთი 12 ქულით პირველზეა, 15 გოლი გაიტანა და გოლი არ გაუშვია, თურქეთი 9 ქულით მეორეზეა, 13 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა, 10-დან 6 „ფურია როხამ'' თურქეთში გაუტანა. საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, შინ ბულგარეთი დაამარცხა, თუმცა მთავარ კონკურენტ თურქეთთან ორივე მატჩი დათმო.

საქართველო - ესპანეთის მატჩი „დინამო არენაზე'' 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია