მან. იუნაიტედმა არდასა და დოკუზე უარი თქვა | კლუბის ყოფილი სკაუტის ინტერვიუ
პოლონელმა პიოტრ სადოვსკიმ, რომელიც 2021-24 წლებში „მან. იუნაიტედის'' მთავარი გუნდის სკაუტი იყო, Przegladsportowy.onet-თან ინტერვიუში თქვა, რომ კლუბმა არდა გიულერსა და ჟერემი დოკუზე უარი თქვა, მაშინ „წითელმა ეშმაკებმა'' უპირატესობა მზა ფეხბურთელებს მიანიჭეს, მათში დიდი სატრანსფერო თანხები გადაიხადეს.
- „მან. იუნაიტედში’’ მუშაობისას იმედგაცრუებული იყავი? ვფიქრობ, ტალანტებს კლუბს ხშირად სთავაზობდი, თუმცა კლუბი არჩევანს იმ მოთამაშეებზე აკეთებდა, რომელთა სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიდა.
- იმედგაცრუებული ვიყავი. „მან. იუნაიტედის’’ პირველი გუნდის სკაუტად სამი წელი ვიმუშავე. პასუხისმგებელი პოლონეთზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე ვიყავი. ძირითადად 17-დან 21-წლამდე ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი, რომლებიც პროფესიულ ფეხბურთში ნაბიჯებს დგამდნენ და აჩვენებდნენ ნიშნებს, რომ ევროპულ ფეხბურთში განსხვავების შექმნა შეეძლოთ, თუმცა ლიმიტირებული არ ვიყავი, სხვა ბაზრებსაც ვუყურებდი.
- ვინ შესთავაზეთ „მან. იუნაიტედს’’?
- არდა გიულერი, რომელიც ახლა „რეალშია’’. რუნი ბარდაგჯი, „კოპენჰაგენიდან’’ „ბარსელონაში’’ გადავიდა. ჟერემი დოკუ, მასში პრემიერ ლიგისთვის დიდი პოტენციალი დავინახე. საბოლოოდ, თავი „მან. სიტიში’’ იპოვა. ასეთი მოთამაშე რამდენიმე იყო.
- რას გეუბნებოდნენ შენი უფროსები?
- ამბობდნენ: „კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ არა ახლა - შესაძლოა მერე. ამ ეტაპზე მზა მოთამაშეები გვჭირდება''. ტალანტების შეძენის სურვილი დიდი არ იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამოცანებისთვის შექმნილი სპეციალური განყოფილება არსებობდა, პირველ ორ სეზონში ამას იშვიათად იყენებდნენ, თუმცა არის ერთი ტრანსფერი, რომელმაც განსაკუთრებულად დამაკმაყოფილა. ჩემი რეკომენდაციით „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა ამად დიალო, რომელსაც პირდაპირ არც კი ვუყურებდი, რადგან პანდემია იყო, მხოლოდ ვიდეოგადაღებებს ვადევნებდი თვალს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტი ჩანდა, მის ტექნიკასა და სისწრაფეში დიდ პოტენციალს ვხედავდი და არ შევმცდარვარ.
პიოტრ სადოვსკი კვლავ ინგლისში მუშაობს, ამჟამად „ბლექბერნის'' სკაუტია.