ჟოან ლაპორტა: კამპ ნოუსთან მესის ქანდაკება უნდა დაიდგას
ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბში უკვე განიხილეს იდეა, ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ლიონელ მესის ქანდაკების დადგმის შესახებ, თუმცა პროექტი განხორციელდება მხოლოდ არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახთან შეთანხმების შემდეგ.
ამის შესახებ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟურნალისტ ჩავი ტორესის წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
„მესი სამუდამოდ დაკავშირებულია „ბარსელონასთან“. მან იცის, რომ კლუბის კარები მისთვის ყოველთვის ღიაა. ჩვენ მის მიმართ აბსოლუტურ პატივისცემას განვიცდით – ის ყველაზე დიდ და გულწრფელ აღიარებას იმსახურებს. მას უნდა დაედგას ქანდაკება „კამპ ნოუს“ მახლობლად, ისევე როგორც კრუიფსა და კუბალას. მესი ერთ-ერთი ფიგურაა, რომელმაც ეპოქა განსაზღვრა. ჩვენ ეს საკითხი დირექტორთა საბჭოში უკვე განვიხილეთ და ვმუშაობთ ამაზე. რა თქმა უნდა, აუცილებელია ოჯახის თანხმობა და ეს „ბარსას“ ყველა გულშემატკივარს სურს. როცა დრო მოვა და დიზაინი მზად იქნება, პროექტს წარვადგენთ. ჩვენ ეს ძალიან გვსურს. ვფიქრობ, „ბარსელონას“ ყველა გულშემატკივარი ბედნიერი იქნება, თუ ლეო მესის ქანდაკებას, კლუბის სხვა დიდ ლეგენდებთან ერთად იხილავს,“ – თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.