მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

„გვჯერა, რომ რეალისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია“ - მარსელინო

ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა განაცხადა, რომ მის გუნდს ზედიზედ ორი წაგების შემდეგ 3 ქულა სჭირდება, თუმცა ამისათვის შეტევაში ეფექტურად მოქმედება იქნება აუცილებელი.

„საბედნიეროდ, ტრავმირებულები არ გვყავს. ორი ფეხბურთელი „რეალთან“ მატჩს ბარათების გამო გამოტოვებს. ყველამ იცის, რომ „რეალს“ შეტევაში უძლიერესი ინდივიდუალისტები ჰყავს. მიმდინარე სეზონში მათ კარგი და ცუდი მომენტები ჰქონდათ, რამაც მწვრთნელის შეცვლა გამოიწვია. ჩემი აზრით, ეს ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან „რეალი“ ყველა ტურნირზე მოგების შანსებს ინარჩუნებს. მართალია, მათ სუპერთასის ფინალი წააგეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი „ბარსელონას“ კონკურენციას უწევდნენ და მომენტებს ქმნიდნენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ახლა „რეალს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორც წესი, ასეთ დროს ფეხბურთელები უკეთესად თამაშობენ. მათ მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთა შორისაც ერთი [კილიან მბაპე] განსაკუთრებით გამოირჩევა. როდესაც კონცენტრირებულად და გუნდურად თამაშობენ, მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. შევეცდებით, კონკურენცია გავუწიოთ - საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვჯერა, რომ „ბლანკოსისთვის“ პრობლემების შექმნა შეგვიძლია.

„რეალთან“ გამარჯვება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენი დონის დემონსტრირება იქნება. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ეს შეგვიძლია, თუ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ. ასეთი მატჩების მოსაგებად თითქმის იდეალური დონე უნდა აჩვენო, მეტოქეს კი ცუდი დღე უნდა ჰქონდეს. თუ შეტევაში ეფექტურად არ ვიმოქმედეთ, ვერც „რეალს“ და ვერც „ბარსელონას“ ვერ დავამარცხებთ. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოგება და სამი ქულა გვჭირდება“.

ცნობისთვის, გუშინწინ „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“, მანამდე კი ლა ლიგაში „ბეტისთან“ დამარცხდა. „ვილიარეალისა“ და „რეალის“ მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში გამოისყიდის ჰამბურგი გოჩოლეიშვილს | გერმანული მედიის ცნობა
რა შემთხვევაში გამოისყიდის ჰამბურგი გოჩოლეიშვილს | გერმანული მედიის ცნობა