„რეაბილიტაციის პროცესს გადის“ - ბოლო ცნობები ბუდუს მდგომარეობაზე
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი პირველი კითხვა მას ტრავმირებულების, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის მდგომარეობაზე დაუსვეს.
„კრისტიან კონტე და ბუდუ ზივზივაძე კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადიან და ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებიან. გარდა ამისა, მიკელ კაუფმანი და სერლორდ კონტე ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდნენ. ვნახავთ, დღეს თუ შეძლებენ ვარჯიშს.
„ლაიფციგის“ შემდეგ „დორტმუნდს“ ვეთამაშებით - წინ ორი დიდი გამოწვევა გვაქვს. „ვოლფსბურგთან“ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით და ახლაც კარგი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. გადამწყვეტი ფაქტორი ინტენსივობა და დაცვაში უშეცდომო თამაში იქნება, პრესინგში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ“.
ცნობისთვის, ბუდუ ზივზივაძემ მუხლის ტრავმის გამო „ჰაიდენჰაიმის“ 7 მატჩი გამოტოვა - ბოლოს მან 22 ნოემბერს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ითამაშა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 1 გოლია.
რაც შეეხება „ჰაიდენჰაიმს“, ფრანკ შმიდტის გუნდი 13 ქულით ბუნდესლიგის მე-16 ადგილზეა.