კავაი ლეონარდი:
Aa
Aa

კავაი ლეონარდი: "კარიერის დასრულება „სან ანტონიოში“ მსურს!"

კავაი ლეონარდის გარშემო წლევანდელ სეზონში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავაის ტრამვამ მისი და „სპურსის“ ურთიერთობა გააფუჭა. დაახლოებით ორი დღის წინ კი ლეონარდის სავარაუდო გაცვლაზეც იყო საუბარი.

კავაიმ ტრამვა „გოლდენ სტეიტთან“ კონფერენციის ფინალში მიიღო. „სპურსის“ ექიმების ცნობით ლეონარდს თავდაპირველად მხოლოდ 2 თვის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდს გაცილებით დიდი დრო დასჭირდა და ტეხასელთა ვარსკლავმა დაბრუნება დეკემბრის შუა რიცხვებში მოახერხა.

საბოლოოდ ლეონარდმა „სპურსის“ რიგებში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და იანვრის შუა რიცხვებში ფეხის ტკივილის გამო „სან ანტონიო“ იძულებული გახდა კავაი საკალათბურთო აქტივობებისგან განუსაზღვრელი დროით ჩამოეცილებინა.

ორგზის საუკეთესო დამცველმა და ფინალების MVP-მ სიჩუმე დღეს გამთენიისას დაარღვია და ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარ მომავალსა და ტრამვებს შეეხო: „ჩემი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ვგრძნობ რომ სათამაშოდ მზად ვარ, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს. რთული ასახსნელია რატომ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ“.

ლეონარდის გარაშე „სპურსს“ სერიოზული პრობლემები აქვს, ტეხასელები 37 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან და პლეიოფის მიღმა დარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან.

კავაიმ „სან ანტონიოსთან დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „არავითარი პრობლემა ჩემსა და „სპურსს“ შორის არ არსებობს, მე პოპოვიჩთან ყოველდღე ვსაუბრობდი და „სან ანტონიოს“ ყველა წარმომადგენელმა იცოდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ჩვენ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდის დახმარებას მალევე შევძლებ“. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა კავაი კარიერის „სან ანტონიოს“ რიგებში დასრულებას ლეონარდმა უპასუხა: „რა თქმა უნდა!“.

„სან ანტონიოს“ პლეიოფისთვის მებრძოლი გუნდებიდან ყველაზე რთული კალენდარი აქვს, მომდევნო სამი მატჩის გამართვა ტეხასელებს სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“, „ოკლაჰომასთან“ და „ჰიუსტონთან“ უწევთ.

წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში კავაი საშუალოდ 16.2 ქულას, 6.2 მოხსნას და 2.3 გადაცემას აგროვებდა. დიდი ალბათობით ლეონარდი გუნდს მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები