სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა
Aa
Aa

სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა

საკლუბო და სანაკრებო მატჩების დამთხვევა ხშირად იწვევს უთანხმოებას, მაგრამ ზუსტად 40 წლის წინ, ნახევარმცველმა სიორენ ლერბიუმ გამონახა გზა, რომ ორივე მხარე დაეკმაყოფილებინა.

მან ერთსა და იმავე დღეს ითამაშა დანიის ნაკრებშიც და მიუნხენის „ბაიერნშიც“. თანაც, 2 სხვადასხვა ქვეყანაში.

1984 წლის 13 ნოემბერს, შუადღისას, ლერბიუ დუბლინში გამოვიდა მოედანზე თავისი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. იმავე საღამოს, „ბაიერნს“ გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩი ჰქონდა „ბოხუმთან“.

დანიას მუნდიალზე გასასვლელად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდა, ამიტომ ული ჰოენესმა, „ბაიერნის“ მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა და შემდგომში პრეზიდენტმა, ლერბიუს ორივე თამაშში თამაში შესთავაზა.

„მან ასეთი რამ შემომთავაზა: „ხომ არ შეგიძლია მწვრთნელს სთხოვო, რომ 45 წუთი ითამაშო ან იქნებ უფრო ნაკლებიც? შემდეგ მე წამოგიყვან, კერძო თვითმფრინავით ჩამოვალთ და საღამოს ბოხუმთან ითამაშებ“. არ მიფიქრია, რომ ეს ზედმეტად გიჟური იდეა იყო, რადგან საუკეთესო ფორმაში ვიყავი,“ - იხსენებს ლერბიუ BBC Sport-სთან.

იმ დროს მწვრთნელებს მხოლოდ 2 შეცვლის უფლება ჰქონდათ თითო მატჩში. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1-1 იყო, ამიტომ სიორენმა თამაში გააგრძელა.

„ული ჰოენესი მოედნის გვერდით იდგა, როდესაც მეორე ტაიმში გავედი. მან თქვა: „რა ხდება? თვითმფრინავი გველოდება!“. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი, რადგან ის ნელ-ნელა გაბრაზებას იწყებდა, რადგან ძვირადღირებული თვითმფრინავი გველოდებოდა. არ მინდოდა მისთვის შემეხედა, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა მისი სახე“, - ამბობს ლერბიუ.

57-ე წუთისთვის მიკაელ ლაუდრუპმა და იონ სივებეკმა დანია 3-1 დააწინაურეს.  1 წუთის შემდეგ, ლერბიუ შეცვალეს და საათმა ათვლა დაიწყო.

სიორენ ლერბიუ

სწრაფი შხაპის შემდეგ, ისინი პოლიციის ესკორტის თანხლებით, აეროპორტისკენ გაემართნენ. ფრენა გეგმის მიხედვით წარიმართა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ დიუსელდორფის აეროპორტიდან ბოხუმის სტადიონამდე არ გაემართნენ.

„საცობს სამი-ოთხი კილომეტრი ჰქონდა მოცული, რადგან სტადიონი ქალაქშია. ამიტომ მომიწია მანქანიდან გადახტომა და გასახდელამდე ოთხი კილომეტრის გარბენა. ეს კარგი გახურება იყო“, - იხსენებს სიორენი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ლერბიუ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, რადგან „ბაიერნის“ მწვრთნელს, უდო ლატეკს ძირითადი შემადგენლობა უკვე დასახელებული ჰქონდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან თავიდანვე მინდოდა თამაში. მაგრამ მე მეორე ტაიმის დასაწყისში შევედი, შემდეგ იყო დამატებითი დრო და ანგარიში 2-2“, - თქვა დანიელმა ფეხბურთელმა.

ერთი თვის შემდეგ, მეტოქეები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე მიუნხენში. ბავარიელებმა 2:0 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მეორე გოლი სწორედ ლერბიუმ გაიტანა. მომდევნო წლის მაისში, სიორენმა გუნთან ერთად თასი მოიპოვა, გადამწყვეტ მატჩში „შტუტგარტის“ 5:2 დამარცხებით.

სიორენ ლერბიუ

კიდევ ერთი თვის შემდეგ კი, დანიის ნაკრებმა მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც გამარჯვებები მოიპოვა ურუგვაის (6:1), გერმანიის (2:0) და შოტლანდიის (1:0) წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მკაცრი წესები და კონფლიქტი მესისთან - როგორ მოიგო ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა
მკაცრი წესები და კონფლიქტი მესისთან - როგორ მოიგო ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა