ბოსმანის წესი და ახალი ეპოქა - როგორ შეიქმნა სატრანსფერო ფანჯარა
სატრანსფერო ფანჯარა დღეს ფეხბურთის ისეთივე აუცილებელ და მარადიულ ნაწილად გვეჩვენება, როგორც მსაჯი ან ბურთი.
ხანდახან გვგონია, რომ ის ყოველთვის არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 2002 წელს – რამდენიმეწლიანი მოლოდინისა და დავის შემდეგ გაჩნდა.
1995 წლის 15 დეკემბერს, ბელგიელმა ფეხბურთელმა, ჟან-მარკ ბოსმანმა უეფასთან ხუთწლიანი სასამართლო დავა მოიგო და არსებული სისტემა ძირფესვიანად დაანგრია.
მანამდე ფეხბურთელები მონურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც კლუბების საკუთრებაში რჩებოდნენ: საკუთარი სურვილით წასვლა შეუძლებელი იყო, რასაც ბოსები იყენებდნენ – ისინი ამცირებდნენ ხელფასებს და ზეწოლას ახდენდნენ უკმაყოფილოებზე. კლუბის პრეზიდენტს ნებისმიერი მათგანის კარიერის დანგრევა შეეძლო.
ბოსმანის საქმემ ფეხბურთის წესები ევროკავშირის შრომით ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანა.
სასამართლომ შემოიღო თავისუფალი აგენტების ინსტიტუტი და გააუქმა ლეგიონერების ლიმიტი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოთამაშეებისთვის. ფეხბურთელებმა მიიღეს ზეწოლის ინსტრუმენტი და თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო კლუბებმა – ნებისმიერი ვარსკვლავის ყიდვის შესაძლებლობა. სწორედ ასე დაიწყო სუპერკლუბებისა და გიგანტური თანხების ერა.
ამ ყველაფრის პირდაპირი შედეგი გახდა სააგენტო სამყაროს მკვეთრი ზრდა. შუამავლები 80-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ, მაგრამ უზარმაზარი ფული და ძალაუფლება მხოლოდ „ბოსმანის წესის“ შემდეგ მიიღეს.

მანამდე ბაზარზე შეზღუდვები არ არსებობდა და აგენტებს შეეძლოთ მოთამაშის წაყვანა კონკურენტთან ჩემპიონატის შუაგულშიც კი – ეს მათ უდიდეს შესაძლებლობას აძლევდა კლუბებზე ზეწოლისთვის. ლიგების ხელმძღვანელობას აღიზიანებდა ახალი ძალის გამოჩენა.
დაახლოებით იმავე პერიოდში, ევროპის 9 მთავარი ლიგის ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. მათ მხარი დაუჭირეს ფედერაციებს, რომლებიც დიდი ხანია აპროტესტებდნენ სატრანსფერო ქაოსს და უეფას საკუთარი ლიგის შექმნით დაემუქრნენ.
ერთი წლის შემდეგ, უეფამ გამოაცხადა, რომ საერთო ევროპულ სატრანსფერო სისტემაზე მუშაობა დაიწყო.
ეს სისტემა რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ზოგჯერ ის ჩაშლის პირას იყო. აღმოჩნდა, რომ ფანჯრები ხელს არა მხოლოდ აგენტებს შეუშლიდა - ამის წინააღმდეგ ინგლისური კლუბებიც გამოვიდნენ.
ინგლისელებმა სატრანსფერო ფანჯრების განხილვა 1991 წელს, პრემიერ ლიგის დაარსებასთან ერთად დაიწყეს.
ფედერაციისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისას, კლუბები მაქსიმალურად მოსახერხებელ სისტემას ეძებდნენ. 1991/92 წლების სეზონში ეს საკითხი კენჭისყრაზე გავიდა, თუმცა ცვლილებები არ მომხდარა – ძველმა სისტემამ რამდენიმე ხმით გაიმარჯვა. განსხვავება პატარა კლუბებმა განაპირობეს, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ სეზონის შუაგულში დამატებით ფასად ფეხბურთელების გაყიდვას.

ერთი წლის შემდეგ, თემა „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, ტერი ვენეიბლსმა გააცოცხლა. ის სერია A-ს მაგალითს უჭერდა მხარს და 2 ფანჯრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა: ერთი ზაფხულში, მეორე კი - ორი-სამი კვირით დეკემბერში ან იანვარში.
თუმცა, იტალიაში ზამთრის ტრანსფერები არ არსებობდა. „მაღაზია" ზაფხულში, სეზონის დაწყებისთანავე იკეტებოდა და ოქტომბერში, 1 ნოემბრამდე იხსნებოდა.
ლიგის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა ვენეიბლსს, მაგრამ პატარა კლუბებმა კვლავ ტრადიციული სქემა აირჩიეს. იდეა დავიწყებას მიეცა. ცალკეული განხილვები ხდებოდა, მაგრამ კონკრეტიკამდე საქმე არ მისულა 90-იანი წლების ბოლომდე, როდესაც პრემიერ ლიგის ბოსებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ტოპ-ლიგის შეხვედრაში.
მიუხედავად იმისა, რომ უეფამ საერთო სატრანსფერო ფანჯრის შემუშავება დაიწყო, ყველაფერი ასე მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში, ცვლილებებს პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობა ლობირებდა და არა კლუბები.
2000 წლის ზაფხულში, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ სატრანსფერო თანხები ეწინააღმდეგებოდა რომის ხელშეკრულებას. საუბარი იყო მთელი სისტემის სრულ განადგურებაზე. ევროკავშირი ფეხბურთში საერთო შრომითი წესების შემოღების წინადადებით გამოვიდა.
ეს თუ დაინერგებოდა კონტრაქტები იქნებოდა პირობითი და ფეხბურთელები კლუბებს საკუთარი სურვილით შეცვლიდნენ – ხელსაყრელი შეთავაზების მიღების შემდეგ, ისინი რამდენიმე კვირას იმუშავებდნენ და შემდეგ წავიდოდნენ (ან გადაიხდიდნენ სიმბოლურ კომპენსაციას).

უეფა და ფიფა შიშობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ეკონომიკას გაანადგურებდა.
ფიფამ ევროკავშირს შესთავაზა, რომ კონტრაქტები მინიმუმ ერთი წელი მაინც ყოფილიყო ძალაში, ხოლო 24 წელს გადაცილებული მოთამაშეები მაინც დაქვემდებარებოდნენ კომპენსაციას.
უეფამ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა: მის უკან იდგნენ ტოპ-კლუბები და პრესა, რომლებმაც ევროკავშირის წინადადებები უარყვეს.
ერთადერთი კომპრომისი, რომელიც უეფამ შესთავაზა, იყო სატრანსფერო ფანჯრები – სისტემა, რომელიც დაარეგულირებდა ფულის უზარმაზარ ნაკადებს ფეხბურთში, დატოვებდა გადაადგილების გარკვეულ თავისუფლებას და ამავდროულად ეკონომიკურად დაიცავდა კლუბებს.
ევროკომისიამ ეს მიიღო. 2000 წლის ბოლოს, ევროპულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ახალ წესებს. სატრანსფერო ფანჯრებმა მუშაობა 2002/03 წლების სეზონში დაიწყო, ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ.
საბოლოოდ, ინგლისიც იძულებული გახდა, რომ ხელშეკრულებას შეერთებოდა .