„P4P რეიტინგში პირველი უნდა იყოს“ | უმარის მენეჯერმა მერაბზე ისაუბრა
უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ აზიზმა, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. Weighing In-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აბდელ აზიზმა „მანქანა“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისი აზრით, დვალიშვილი UFC-ის P4P რეიტინგის (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები) პირველი ნომერი უნდა იყოს.
„თუ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ხარ, ყველა მეტოქე უნდა დაამარცხო. ბევრი მებრძოლი მანევრებს მიმართავს და ზოგიერთ მოწინააღმდეგეს თავს არიდებს, მაგრამ ისინი ნამდვილი ჩემპიონები არ არიან. უმარი მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერია და მის ქვემოთ მყოფ მებრძოლებს მასთან ჩხუბი უნდა სურდეთ, მაგრამ არ მგონია, რომელიმე მათგანს მისი დამარცხება შეეძლოს.
მერაბს პატივს ვცემ და ის პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. მას და უმარს დაპირისპირება აქვთ, და მე ყოველთვის უმარის მხარეს ვიქნები, თუმცა დვალიშვილს დიდ პატივს ვცემ. ჩემი აზრით, ის UFC-ის წლის საუკეთესო მებრძოლია. იმის გამო, რასაც მერაბი აკეთებს, ილია თოფურიაზე წინ უნდა იყოს. დვალიშვილი P4P რეიტინგის პირველი ნომერი უნდა იყოს.
ილიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა? მერე რა — ოლივეირა ყველასთან აგებს. მერაბი რთულ ჩხუბებს თავს არ არიდებს და ოქტაგონში შესვლაზე თანხმობას ამბობს. უმარი რთული მეტოქეა, პიოტრ იანი რთული მეტოქეა, შონ ო’მალი რთული მეტოქეა. მერაბი ტიტულს მეოთხედ იცავს და ვფიქრობ, უმარს მასთან ჩხუბამდე ერთი ორთაბრძოლის გამართვა ესაჭიროება.
UFC რომ მითხრას, უმარი მომდევნო ჩხუბს ტიტულისთვის გამართავსო — უარს არ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, მისთვის უკეთესი იქნება, თუ მერაბამდე ერთხელ მაინც იბრძოლებს. მგონია, რომ დვალიშვილი პიოტრ იანს მარტივად დაამარცხებს და ვფიქრობ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პირველ ჩხუბში, თუმცა წელიწადში ოთხი ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის.“
საინტერესოა, რომ აბდელ აზიზის ერთ-ერთი კლიენტი ისლამ მახაჩევია, რომელმაც ახლახან UFC-ის ტოპ-5 მებრძოლი დაასახელა და ხუთეულში მერაბი არ შეიყვანა. მახაჩევის აზრით, საუკეთესონი ის, ალეშანდრე პანტოჟა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ტომ ასპინალი და ილია თოფურია არიან.