Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დენვერი - კლივლენდი 108 – 113

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი კოლორადოში გაიმართა, სადაც „კლივლენდმა“ 5 ქულიანი სხვაობით დაამარცხა დასავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანი - „დენვერ ნაგეთსი“.

„კლივლენდის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა 39 ქულითა და 10 გადაცემით, ზედიზედ მეორე სტარტი ორმაგი დუბლით აღნიშნა ლერი ნენსი ჯუნიორმა - 13 ქულა, 13 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს ჯეფ გრინმა.

„დენვერს“ ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა 36 ქულით. თამაში არ წაუვიდა ვილსონ ჩენდლერს, 30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა 3 ქულას მოუყარა თავი და 8-დან მხოლოდ 1 ბურთი მოათავსა კალათში.

38 მოგებითა და 26 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

მილოუკი - ჰიუსტონი 99 – 110

ზედიზედ მე-17 შეხვედრა მოიგო „ჰიუსტონ როქეთსმა“, ტეხასელებმა ამჯერად 11 ქულიანი სხვაობით სტუმრად მილოუკიში იმარჯვეს.

„როქეთსს“ ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 26 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა კრის პოლმა - 16 ქულა, 11 გადაცემა. სათადარიგო სკამიდან 18 ქულა შესძინა გუნდს ერიკ გორდონმა.

„მილოუკის“ მხრიდან იანის ანტატეკუნპო გამოირჩა 30 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა კრის მიდელტონმა - 18 ქულა, 12 მოხსნა.

51 მოგებითა და 13 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

 

დეტროიტი - ტორონტო 119 – 121

დღევანდელი ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა „დეტროიტისა“ და „ტორონტოს“ დაპირისპირება გამოდგა. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც კანადელებმა ფრედ ვანვლიტის შორეული ორქულიანით იმარჯვეს.

„დეტროიტის“ რიგებში ერთბაშად 5 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, 31 ქულა შესძინა "პისტონსს" ბლეიკ გრიფინმა, მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ანდრე დრამონდმა - 10 ქულა, 21 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 14 ჩაიწერა აქტივში ჯეიმს ენისმა.

კანადელებს ტრადიციულად დემარ დეროუზანმა ულიდერა 42 ქულით,. ორმაგი დუბლი მიითვალეს იონას ვალანჩუნასმა და კაილ ლოურიმ. გამარჯვების მომტანი ბურთის ჩამგდებმა - ვანვლიტმა კი შეხვედრა 6 ქულით დაასრულა.

„ტორონტო“ ლიგის მასშტაბით პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის საგზურის გაინაღდა. კანადელები 47 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

 

ლეიკერსი - ორლანდო 108 -107

ტური ლოს-ანჯელესში, „ლეიკერსისა“ და „ორლანდოს“ დაპირისპირებით დაიხურა. „ლეიკერსმა“ ბოლო წამებზე მოახერხა ბრუკ ლოპესის საჯარიმოების წყალობით დაწინაურება და შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო.

„ლეიკერსს“ ბრუკ ლოპესმა ულიდერა 27 ქულით, საინტერესოა, რომ 29 წლის ცენტრს არცერთი მოხსნა არ ჰქონია. ორმაგი დუბლი მიითვალა კაილ კუზმამ - 20 ქულა, 10 მოხსნა.

„ორლანდოს“ რიგებში აარონ გორდონი გამოირჩა 28 ქულითა და 14 მოხსნით. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკოლა ვუჩევიჩმა - 24 ქულა, 12 მოხსნა.

„ლეიკერსი“ 29 მოგებითა და 35 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ინდიანა - იუტა 84 – 104

ჩიკაგო - მემფისი 119 – 110

საკრამენტო - ნიუ ორლეანი 101 - 114

მსგავსი სიახლეები