IOC ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტრანსგენდერ ქალ სპორტსმენებს ბიოლოგიურ ქალებთან შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოლიმპიური კომიტეტი პოლიტიკის შეცვლაზე აქტიურად მუშაობს და გადაწყვეტილებას ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
ჯერ კიდევ ივნისში, IOC-ის პრეზიდენტმა, კირსტი ქოვენთრიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ აქტიურად უნდა დაიცვას ბიოლოგიური ქალი სპორტსმენების უფლებები, რადგან ისინი ტრანსგენდერ ქალებთან არათანაბარ ფიზიკურ მდგომარეობაში არიან.
„კარგად გვესმის, რომ სპორტის სახეობების მიხედვით განსხვავებები იქნება. ჩვენ, პირველ რიგში, ქალთა კატეგორია უნდა დავიცვათ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - ამბობდა მაშინ ქოვენთრი.
The Times-ის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას 2026 წლის თებერვალში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, IOC-ის სესიაზე გამოაცხადებს.
IOC-ის ამ ინიციატივის მთავარი მიზეზი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტრანსგენდერი მოკრივე ქალის, მაროკოელი იმანე ხელიფის ფაქტორი გახდა, სადაც სპორტსმენმა ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. ამან სპორტულ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სპეციალისტები ღიად აცხადებდნენ, რომ მოკრივე ქალ სპორტსმენებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებოდა და ფიზიკური უპირატესობა ჰქონდა. თავად ხელიფი კი ამბობდა, რომ ის ქალი იყო, თუმცა ამ სკანდალთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.