„გადაწყვეტილება ინსტიქტურად მივიღე“ - მამარდაშვილი ჰოლანდის პენალტზე
როდესაც გუნდი დიდი ანგარიშით მარცხდება, მეკარის გამორჩევა იშვიათი მოვლენაა, თუმცა ფაქტია - ინგლისური სპორტული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ (0:3) წაგებულ შეხვედრაში „ლივერპულის“ შემადგენლობაში ერთადერთი ნათელი წერტილი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც 0:0-ზე ერლინგ ჰოლანდის პენალტი მოიგერია, სამი გაშვებული ბურთიდან კი არც ერთში განსაკუთრებული ბრალი არ მიუძღვის. „ქალაქელებთან“ თამაშის დამთავრების შემდეგ მამარდას პირველი კომენტარი გავრცელდა.
გიორგი მამარდაშვილი
ხშირია, როდესაც პენალტების დროს, ოპონენტის დარტყმის პროცესში იღებ გადაწყვეტილებას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - თავიდან მეგონა, რომ ჰოლანდი მარჯვნივ დაარტყამდა, თუმცა მისი გამორბენის დროს გადაწყვეტილება ინსტიქტურად შევცვალე და როგორც ხედავთ, ამ ყველაფერმა გაამართლა.
მართლაც ცუდი პერიოდი გვიდგას და როგორმე ამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ. „ასტონ ვილასთან“ და „რეალთან“ არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით, რასაც დღევანდელ მატჩზე ვერ ვიტყვი. იმედია უახლოეს მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ევროპის ქვეყნების ტოპ 5 ლიგაში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი პენალტი გიორგი მამარდაშვილს აქვს მოგერიებული, რომელმაც 6 თერთმეტმეტრიანი უკუაგდო.