წიტაიშვილის ჩაწოდებას პენალტი მოჰყვა - მეცის ზედიზედ მესამე მოგება
საკმაოდ მძიმე სტარტის შემდეგ, „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. სტეფან ლე მინიანის შეგირდებმა საკუთარ სტადიონზე „ნიცას“ უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს, რაშიც საკუთარი წვლილი გიორგი წიტაიშვილმაც შეიტანა.
მეორე ტაიმის დებიუტში, როდესაც მასპინძლები 0:1-ს მარცხდებოდნენ, წიტაიშვილის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებას სტუმართა კარში 11-მეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც გუნდის კაპიტანმა გოტიე ჰეინმა გოლად აქცია.
დარჩენილ დროში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და იქიდან გამომდინარე, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში „მეცს“ უფრო მეტად გაუმართლა, ამ გუნდმა გაიმარჯვა და გადამწყვეტი ბურთი სენეგალელი ჰაბიბ დიალოს ანგარიშზეა. შეხვედრის ბოლოს ერთ-ერთი ჩაწოდების დროს, „ნიცას“ მოთამაშეები წიტაიშვილზე ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა სტეფანი ფრაპარიმ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პენალტი არ დანიშნა.
რაც შეეხება „მეცის“ მეორე ქართველ ლეგიონერს, სამწუხაროდ გიორგი აბუაშვილი ბოლომდე თადარიგში დარჩა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
თორმეტ ტურში დაგროვებული 11 ქულით „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ეს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება.