დისკომფორტი იგრძნო | მიქაუტაძემ შესაძლოა ესპანიოლთან ვერ ითამაშოს
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს გამართავს. თბილისის დროით 23:59-ზე „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება. არსებობს შანსი, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმაროს.
მიქაუტაძის მდგომარეობაზე „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „რამდენიმე პრობლემა გვაქვს, რომელთა სიმძიმეც უნდა შევაფასოთ. მანორ სოლომონისა და გიორგი მიქაუტაძის თამაში გამორიცხული არ არის, თუმცა ორივე გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს.
ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება. პაფოსთან მატჩში მანორმა მძიმე დარტყმა მიიღო, გიორგიმ კი ვარჯიშისას დისკომფორტი იგრძნო.“
ცნობისთვის, „ვილიარეალს“ 11 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი შეხვედრებისთვის მოემზადება.