მექვაბიშვილმა 80 წუთი ითამაშა | კრაიოვას პირველი გამარჯვება კონფერენს ლიგაზე
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „რაპიდს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიმდინარე ევროტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ავსტრიელები 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ოლექსანდრ რომანჩუკია. „კრაიოვას“ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ რუმინელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად იმოქმედეს და მეტი გოლი ვერ გაიტანეს.
მექვაბიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს 1 საკვანძო გადაცემა, 28-დან 23 ზუსტი პასი და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ანზორი ბურთს 37-ჯერ შეეხო და 12-დან მხოლოდ 4 ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისთვის, „კრაიოვას“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა. რუმინელები კონფერენს ლიგაზე მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავენ და „მაინცს“ დაუპირისპირდებიან.