ლივერპულის თავსატეხი - სალაჰმა შესაძლოა 11 მატჩი გამოტოვოს
„ლივერპულმა“ შესაძლოა მოჰამედ სალაჰი 6 კვირით დაკარგოს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - ამჯერად, საქმე არა ეგვიპტელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აფრიკის ერთა თასის მორიგ გათამაშებას უკავშირდება.
2025 წელს აფრიკის ერთა თასს მაროკო უმასპინძლებს. ტურნირი 21 დეკემბერს დაიწყება, ფინალი კი 18 იანვარს არის ჩანიშნული.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში სალაჰი „ფარაონების“ მთავარ მწვრთნელს, აჰმედ ჰასანს შეხვდება და შეხვედრა სწორედ ამ საკითხის მოგვარებას დაეთმობა. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სალაჰმა უნდა გააკეთოს არჩევანი - ტურნირის დაწყებამდე კლუბში დაწყეს თუ შეუერთდეს ნაკრებს და სრულფასოვანი მოსამზადებელი შეკრება გაიაროს.
6 დეკემბერს ეგვიპტე ამხანაგურ მატჩში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეხვდება, 9 დეკემბერს - იორდანიას, 14 დეკემბერს კი ნიგერიას. ამავე პერიოდში „ლივერპული“ პრემიერლიგაში „ლიდსსა“ და „ბრაიტონს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერს“ დაუპირისპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტელი შემტევი ნაკრების ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს და მხოლოდ აფრიკის ერთა თასზე გაემგზავრება, „ლივერპული“ მის გარეშე მაქსიმუმ 8 მატჩს ჩაატარებს. კერძოდ, აფრიკის ერთა თასის მიმდინარეობის პარალელურად „წითლები“ „ტოტენჰემს“, „ვულვერჰემპტონს“, „ლიდსს“, „ფულემს“, „არსენალსა“ და „ბარნლის“ შეხვდებიან. გარდა ამისა, საეჭვო იქნება მისი თამაში „მარსელთან“ 22 იანვარს და ინგლისის ასოციაციის თასზე - იანვრის მეორე კვირაში.