ლობჟანიძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - მარტინო ატლანტაში დაბრუნდა
ტატა მარტინომ „ატლანტა იუნაიტედი“ მეორედ ჩაიბარა. როგორც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, 62 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა „ატლანტასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, რომ დაბრუნების შესაძლებლობა მომცეს. ამ ქალაქთან და გუნდთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. ახლა სრულიად განსხვავებულ პროექტთან გვაქვს საქმე, თუმცა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და წარმატებული გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რათა „ატლანტას“ გულშემატკივრები გავახაროთ“, - განაცხადა მარტინომ.
მარტინო დაბრუნდა კლუბში, რომელთანაც 2018 წელს მლს-ის თასი მოიგო და წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არგენტინელმა რონი დეილა შეცვალა, რომელიც კლუბმა ცუდი შედეგების გამო დაითხოვა.
„ატლანტამ“, რომელსაც მლს-ში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემადგენლობა ჰყავს (28,5 მილიონი დოლარი), გასული სეზონი 28 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ „ატლანტა იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ მარტინომ „ინტერ მაიამი“ ჩაიბარა, სადაც 2023 წელს ლიგების თასი, 2024 წელს კი მლს-ის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. სხვადასხვა დროს ის ასევე „ბარსელონას“, პარაგვაის, არგენტინას და მექსიკას წვრთნიდა.