სიცილიურ მაფიას იკარდის დასჯა უნდოდა | როგორ გადარჩა არგენტინელი
„კატანიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გონსალო ბერხესიომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც ვანდა ნარას, მაურო იკარდისა და მაქსი ლოპესის სასიყვარულო სამკუთხედს უკავშირდება. ნარა ლოპესის მეუღლე იყო, მაგრამ მაქსის მის თანაგუნდელ იკარდისთან უღალატა და შემდეგ მიატოვა.
„სიცილიური მაფიის წარმომადგენლებმა მაქსის ჰკითხეს: „გინდა, იმ ტიპს ჩვენ მივხედოთ?“ ლოპესმა მათ უარი უთხრა. მაქსიმ სთხოვა, დამშვიდებულიყვნენ და იკარდი სიკვდილს სწორედ ამან გადაარჩინა. სიცილიური მაფია აპირებდა, მაურო სერიოზულად დაესაჯა.
იმ პერიოდში კატანიაში ყველაფერი ძალიან კარგად იყო. გუნდი მშვენიერ შედეგებს აჩვენებდა და ფეხბურთელებს შესანიშნავი ქიმია ჰქონდათ. როგორც ჩანს, არავის უნდოდა, გარე ფაქტორებს სიტუაცია გაეფუჭებინა", - განაცხადა ბერხესიომ.
საინტერესოა, რომ მაფიასთან დაკავშირებული ისტორია „კატანიას“ ყოფილ ფეხბურთელს, პაბლო ალვარესსაც აქვს მოყოლილი. მაფია მასზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა და ცდილობდა, ალვარესისთვის გუნდიდან წასვლა ეიძულებინა. არგენტინელი ნახევარმცველის თქმით, ეს 2015 წელს ხდებოდა.