სამი საუკეთესო მომენტი კობის და შაკის ინტერვიუდან
კობი და შაკის „ლეიკერსი“ ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი გუნდი იყო ლიგის ისტორიაში, ლოს-ანჯელესელებმა ზედიზედ სამჯერ შეძლეს ჩემპიონობის მოპოვება. 2000-01 წლების სეზონში კი პლეიოფი 15 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულეს. სამწუხაროდ კობისთან დაპირისპირების გამო „დეტროიტთან“ წაგებული ფინალის შემდეგ ონილმა „ლეიკერსი“ დატოვა და კარიერა „მაიამი ჰითში“ განაგრძო. TNT-ის ერთ-ერთ გადაცემაში ბრაიანტმა და ონილმა წარსულზე ისაუბრეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გაიხსენეს. გთავაზობთ სამ საუკეთესო მომენტს ინტერვიუდან.

1) კობი „ლეიკერსის“ დატოვებას და „ჩიკაგოში“ გადასვლას სწორედ შაკის გამო აპირებდა
2004 წლის ზაფხულში „ლეიკერსსა“ და ონილს შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. თუმცა კობისა და შაკს შორის დაპირისპირება იმდენად ძლიერი იყო, რომ ონილის „ლეიკერსის“ დარჩენის შემთხვევაში ბრაიანტი „ბულსში“ გაცვლას აუცილებლად მოითხოვდა.
შაკი: ესეიგი მართალია, შენ „ჩიკაგოში“ მიდიოდი?
კობი: კი, “ESPN“-ის ჟურნალში იყო ერთი სტატია, სადაც შენ ჩემზე და პენი ჰარდევეიზე გკითხეს და უპასუხე რომ ჩვენ ერთი და იგივე დონის კალათბურთელები ვიყავით. ვკითხულობდი ამას და ჩემს თავს ვეუბნებოდი: არა! ჩვენ ნამდვილად არ ვართ ერთნაირები!
შაკი: არასწორად გაიგე, მე ეგ არ მითქვამს.
კობი: შესაძლოა, მაგრამ მე შენი ფრაზა მოტივაციად ვაქციე და მიზნად დავისახე საკუთარი უპირატესობა დამემტკიცებინა.

2) ონილმა აღიარა, რომ დაძაბულობა მისი ბრალი იყო
ყოველი დასრულებული ურთიერთობის შემდეგ ჩნდება მომენტი, როდესაც იხსენებ წარსულს და ცდილობ გაიგო რა გააკეთე არასწორად. შაკისთვის ასეთი მომენტი 2009 წელს დადგა, როცა მან კობისთან ერთად ყველა ვარსკლავის მატჩის „MVP” მოიგო.
შაკი: შენ MVP-ს თასი ჩემს შვილს მიეცი და მე ჩემს თავს ვუთხარი: რა ბედნიერი ვარ ამ ადამიანთან ერთად რომ მომიწია თამაში, ჩვენ 3-ჯერ ვიზეიმეთ ჩემპიონობა მე კი მასთან მიმართებით საშინლად ვიქცეოდი. ამის გამო მინდა, ბოდიში მოგიხადო და მადლობა გითხრა საჩუქრისთვის, მე ამ მომენტის გამო ძალიან მიყვარხარ.

3) შაკის წასვლის შემდეგ კობის მთავარი მიზანი ონილზე მეტი ბეჭდის მოპოვება იყო
შაკი: როდესაც ჩვენ გავიყავით, აპირებდი თუ არა ჩემზე მეტი ჩემპიონობის მოპოვებას?
კობი: რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! მე ვიცოდი, რომ „მაიამიში“ ჩემპიონები გახდებოდით, „ჰიტში“ ყველანაირი რესურსი იყო ჩემპიონობისთვის. მჯეროდა რომ აუცილებლად მოიგებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მე კიდევ ორჯერ ან სამჯერ უნდა მომეგო!