მხოლოდ 1 მატჩი - პრემიერლიგაში წელს Boxing Day არ იქნება
ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონში Boxing Day მხოლოდ ერთი შეხვედრით იქნება წარმოდგენილი და გულშემატკივრები ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საყვარელ ტრადიციას ამჯერად სრული დოზით ვერ იხილავენ. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
26 დეკემბერს, როცა Boxing Day ოფიციალურად უნდა დაიწყოს, ამ დღეს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნიუკასლის“ შეხვედრას ვიხილავთ. მე-18 ტურის დარჩენილი შეხვედრები 27-28 დეკემბერს გაიმართება და ყველაფერი ამით დასრულდება. მთავარი მიზეზი კი სატელევიზიო კონტრაქტია.
სატელევიზიო შეზღუდვების გამო, პრემიერლიგას ლოკალური სამაუწყებლო ხელშეკრულებით ვალდებულებები აქვს, რომელსაც ვერ გადაუხვევს. კონტრაქტი შემდეგს ამბობს: პრემიერლიგის 38 ტურიდან, 33 სათამაშო უქმეები და 5 შუა კვირის ტური უნდა იყოს გაშუქებული, რაც საშუალებას იძლევა ზამთარში არსებული გადატვირთული კალენდარი ყველასათვის სამართლიანად დალაგდეს. წელს, 26 დეკემბერი პარასკევია, პრობლემას სწორედ ეს ქმნის. სატელევიზიო კონტრაქტის დარღვევის გარეშე Boxing Day ამ დღეს მთლიანად ვერ გაიმართება.
პემიერლიგის მმართველმა საბჭომ ქომაგების გაღიზიანება მცირედით გაითვალისწინა და პარასკევს 26 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნიუკასლის“ შეხვედრა ჩანიშნა. მომდევნო სეზონიდან კი ყველაფერი დალაგდება და Boxing Day ძველ ტრადიციებს დაუბრუნდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ერთჯერადი პრემიერლიგის ნაკლებად გადატვირთულობა, შესაძლოა ინგლისის ნაკრებს სასიკეთოდ წაადგეს, რადგან 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატი გველის. წლების განმავლობაში იყო მსჯელობა, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები პრემიერლიგის საოცრად გადატვირთული გრაფიკის გამო, დიდი სანაკრებო ტურნირების წინ ყოველთვის გამოფიტულები იყვნენ.