ყველა დროის ინგლისური რეკორდი - არსენალი არ ჩერდება
მიმდინარე სეზონში „არსენალი“ არამხოლოდ ინგლისის პრემიერლიგაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. „მეთოფეები“ შიდა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, დამაჯერებლად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაშიც, ხოლო ქვეყნის ლიგის თასზე „ბრაიტონთან“ (2:0) საშინაო გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
„ბრაიტონთან“ მოგება „კანონირებისთვის“ უბრალო მოგება არ ყოფილა, რადგან მათ ყველა დროის რეკორდი დაამყარეს. „არსენალი“ ინგლისის პირველი გუნდია, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ექვსი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ ერთი ბურთიც არ გაუშვია. მიკელ არტეტას მომზადებულმა გუნდმა საკუთარ სტადიონზე „ბრაიტონს“ (2:0), „კრისტალ პალასს“ (1:0), „ატლეტიკოს“ (4:0), „ვესტ ჰემს“ (2:0) და „ოლიმპიაკოსს“ (2:0) აჯობა, ხოლო სტუმრად „ფულემზე“ (0:1) ძლიერი აღმოჩნდა.
ცნობისათვის, „მეთოფეებს“ 11-მატჩიანი წაუგებელი და 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. არტეტას გაწვრთნილი დედაქალაქელები უკანასკნელად 31 აგვისტოს, „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.