რეალი UEFA-ს უჩივლებს - კომპენსაცია სუპერლიგის საქმეზე
მადრიდის „რეალი“ უეფასგან კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.
2024 წლის მაისში მადრიდის საარბიტრაჟო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სუპერლიგის ორგანიზატორების სარჩელი და დაადგინა, რომ უეფამ და ფიფამ „უნდა შეწყვიტონ ანტიკონკურენტული ქცევა და შეზღუდონ მისი განმეორება მომავალში“, ასევე ავალდებულებს მათ „დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ანტიკონკურენტული ქმედებების ყველა შედეგი“.
ასევე დღეს - მადრიდის პროვინციულმა სასამართლომ უარყო უეფას, ლა ლიგისა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი. ამ ყველაფრის შედეგად, „სამეფო კლუბი“ გეგმავს, რომ UEFA-ს სასამართლოში უჩივლოს.
„საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი აღნიშნავს, რომ მადრიდის პროვინციულმა სასამართლომ უარყო უეფას, RFEF-ისა და ლა ლიგის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრები, რითაც დაადასტურა, რომ უეფამ სუპერლიგის საკითხში სერიოზულად დაარღვია ევროკავშირის თავისუფალი კონკურენციის წესები. ეს შეესაბამება ევროპული სასამართლოს დასკვნებს იმის შესახებ, რომ უეფა ბოროტად იყენებს თავის დომინანტურ მდგომარეობას.
ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის კლუბის მიერ განცდილი არსებითი ზიანის კომპენსაციის მოთხოვნას. რეალ მადრიდი ასევე იუწყება, რომ 2025 წლის განმავლობაში მან მრავალი მოლაპარაკება გამართა უეფასთან გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ვერ მიაღწია რაიმე ვალდებულებებს მართვის გამჭვირვალობის გაზრდის, ფინანსური სტაბილურობის, ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვისა და გულშემატკივრებისთვის პირობების გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის უფასო და მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ტრანსლაციების შესახებ, როგორც ეს იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.
შესაბამისად, კლუბი აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას მსოფლიო ფეხბურთისა და მისი გულშემატკივრების სასიკეთოდ, ამავდროულად უეფასგან მოითხოვს კომპენსაციას განცდილი არსებითი ზიანისთვის“,
– ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.