ფეხბურთი არ ესმის, ძალიან ცუდი მწვრთნელია | ნაინგოლანმა მარტინესი მწვავედ გააკრიტიკა
ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაჯა ნაინგოლანმა რობერტო მარტინესი მკაცრად გააკრიტიკა. რაჯას თქმით, მარტინესის მწვრთნელობისას ბელგიის ეროვნულ ნაკრებს იდეა, სათამაშო სტილი არ ჰქონდა და ფეხბურთელთა ინდივიდუალურ თამაშზე დამოკიდებული იყო.
რაჯამ მარტინესის შესახებ ძალიან მკაცრად იუთუბერ ჯუნიორ ვერტონგენთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ევრო 2016-ზე მარკ ვილმოტსმა პირველი წუთიდან არ დამაწყებინა, მაგრამ ევრო 2016-ზე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. შემდეგ მარტინესი მოვიდა და შემადგენლობაში უმიზეზოდ არ შემიყვანა. მისი მიზეზები სისულელე იყო, რადგან ის ფეხბურთის ექსპერტი არაა და ძალიან ცუდი მწვრთნელია.
ვინც იტყვის, რომ მარტინესი კარგი მწვრთნელია, ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. კარგი მწვრთნელი გუნდს იდეას აწვდის. მარტინესის მწვრთნელობისას ბელგიის ნაკრებს იდეა არ ჰქონდა. როცა გვიჭირდა, გამოსავალი დე ბრუინის, ედენ აზარის ან ლუკაკუს ინდივიდუალურად კარგ თამაშში იყო. მის დროს საფეხბურთი სტილი არასდროს გვქონია და ეს უეჭველი სიმართლეა.
მარტინესი მედიასთან კარგად საუბრობდა. მისთვის ყველა მატჩი თითქოს კარგად დასრულდა და არასდროს უთქვამს, რომ უკეთ თამაში შეიძლებოდა. თვითკრიტიკული არასდროს ყოფილა. დე ბრუინი მარჯვენა ფლანგზე ათამაშა, მაშინ როცა კევინს ნახევარდაცვაში თამაში სურდა, თუმცა ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. ცხადია, ფეხბურთელი ვერ იტყვის: „მე მაინც ნახევარდაცვაში ვითამაშებ’’. არ ვიცი, ზოგ საკითხს ფეხბურთელთან განიხილავდა თუ არა, თუმცა ჩემთან არასდროს უსაუბრია, რადგან არ ვჭირდებოდი, ჩემთან მუშაობა არ სურდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგი მწვრთნელის დანიშვნის შემთხვევაში ბელგიას ტიტულების მოგება შეეძლო’’.
52 წლის რობერტო მარტინესი ბელგიის ეროვნულ ნაკრებს 2016-22 წლებში წვრთნიდა. 2018 წლის მუნდიალზე ბელგია მესამე ადგილზე გავიდა, ევრო 2020-ზე მეოთხედფინალში იტალიასთან დამარცხდა (1:2), 2022 წლის მუნდიალზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, რის შემდეგაც მარტინესისა და ბელგიის ნაკრების გზები გაიყო.