„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია
Aa
Aa

„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია

2025 წლის ევრობასკეტი ქართული კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეოთხედფინალში პირველად გავიდა. ფაქტია, რომ თითოეული ქართველი კალათბურთელი კონტინენტის პირველობაზე მაქსიმალურად დაიხარჯა, რამაც ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა და ქომაგებს უდიდესი სიხარული მოუტანა.

ასეთივე აზრზეა ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ასპარეზობა შეაფასა.

ვატო ნაცვლიშვილი

იყო თუ არა ბიჭების შესაძლებლობების მაქსიმუმი მიღწეული შედეგი? მაქსიმუმი ფინეთის დამარცხება იქნებოდა, უბრალოდ არ გაგვიმართლა. სიმბოლურია, რომ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე სწორედ სუომი იყო, რადგან ჩვენთან და ფინეთში კალათბურთის განვითარება თითქმის ერთსა და იმავე დროს დაიწყო და B-დან A დივიზიონში ისინი ჩვენზე სულ რაღაც ერთი ციკლით ადრე ავიდნენ. რაც შეეხება მათთან თამაშს, ფორტუნამ მათ მხარეს და პერიმეტრიდან წარმოუდგენლად ისროლეს - ბოლოს და ბოლოს ჩვიდმეტი სამქულიანი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრების თითოეული კალათბურთელის ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. უბრალოდ ვიტყვი, რომ გიორგი შერმადინის უფრო მეტად და კარგად გამოყენება შეიძლებოდა, რადგან თუნდაც ახლა, საკლუბო დონეზე ჩანს, რომ გიო არაჩვეულებრივ ფორმაშია. ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე იყო და კიდევ დავამატებ, რომ თორნიკე შენგელიას კარგ გამოსვლაზე ძალიან ვართ დამოკიდებული. თუ მას თამაში წაუვიდა, გუნდი დაფრინავს, ხოლო თუ არ წაუვიდა, მაშინ ეს უზომოდ უარყოფითად გვემჩნევა.

მინდა საკუთარი აზრი გამოვთქვა ასევე ტურნირის დაგეგმვის შესახებ - ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა, იმ თამაშებში, რომლებზეც გამარჯვებაზე გათვლა არ გვქონდა, ლიდერებს მთლიანად კი არა დაესვენათ, არამედ დიდი როტაციის პირობებში გვეთამაშა. რაც შეეხება დისციპლინას, ყველაფერი წესრიგში იყო. მახსოვს მხოლოდ ერთი ეპიზოდი, როდესაც გაძევების შემდეგ გოგა ბითაძე დარბაზიდან არ გადიოდა, მაგრამ ეს უფრო გულშემატკივრებისთვის მუხტის მიცემაზე ორიენტირებული ჟესტი იყო, ვიდრე პროტესტის ფორმა.

შეგახსენებთ, რომ ვატო ნაცვლიშვილმა კარიერის განმავლობაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 40 მატჩში პარკეტზე გატარებულ 1024 წუთში 595 ქულა, 271 მოხსნა და 48 ჩაჭრა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ უნიკახა გაანადგურა
შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ უნიკახა გაანადგურა