„მეკარეს მადლობა უნდა ვუთხრათ“ | არველაძის გუნდის ფრე ბეშიქთაშთან
თურქეთის ჩემპიონატის მეათე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ საკუთარ კედლებში „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა. ქართველი სპეციალისტის გუნდი აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა — 1:1.
„მატჩებს ცუდად ვიწყებთ და გოლს საწყის 10 წუთში ვუშვებთ ხოლმე. ბეშიქთაშთანაც იგივე მოხდა, თუმცა მიღებული ბურთის შემდეგ ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. ჩვენს გოლკიპერს მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან ეს მატჩი და ქულა მან გადაარჩინა.
ბეშიქთაში ძლიერი კლუბია, რომელსაც დიდი ისტორია, ბრწყინვალე გულშემატკივრები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ჰყავს. ბოლო კვირებში საკადრო პრობლემები გვქონდა და ჩვენი შემადგენლობა ღრმა არ არის. ბეშიქთაშმა თავისი ხარისხი აჩვენა და ეს რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ერთი ქულა — ერთი ქულაა,“ — განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ არველაძის გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება. „ქასიმფაშამ“ ბოლო სამ შეხვედრაში ერთი წააგო, ორი კი ფრედ დაასრულა. მისი მომდევნო მეტოქე „ქაისერისფორია“, რომელსაც 2 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.