თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე გიორგი ქვილითაიას „არისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

კრიზისში მყოფი ქართველი სპეციალისტის გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში ჯერჯერობით, კვლავ მოგების გარეშეა, თუმცა ფამაგუსტელებმა ამხანაგური შეხვედრის ჩათვლით ზედიზედ მესამე შეხვედრა არ წააგეს. სანაკრებო პაუზის დროს, „ანორთოსისი“ ტესტ-მატჩში კვიპროსულ „კიტიოუს“ შეხვდა და 5:2 დაამარცხა, თუმცა ოფიციალურ გამარჯვებაში ეს შეხვედრა არ ჩაიწერა. ადგილობრივ ჩემპიონატში კი ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ.

დღევანდელ მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე „ანორთოსისმა“ თერთმეტმეტრიანით გახსნა, თუმცა „არისმა“ საპასუხო შეტევაში შეძლო გატანა და დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ქართველი შემტევი სასტარტოში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებთან „ანორთოსისის“ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

რა თქვა ქეცბაიამ:

„დიდი ძალისხმევა გავწიეთ ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „არისია“, გუნდის, რომელიც სამი წლის განმავლობაში შენდებოდა და არ ჰგავს ჩვენს გუნდს, რომელსაც ძალიან პრობლემური ზაფხული ჰქონდა. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში დიდი დახმარება გაგვიწიეს. მინდა ვუთხრა მათ, რომ „ანორთოსისმა“ გაცილებით უარესი გადაიტანა, მაგრამ დაბრუნდა, შესანიშნავი თამაში აჩვენა და ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. მჯერა, რომ გუნდში არსებულ პრობლემებს გადავლახავთ და ისეთი გუნდი გვეყოლება, როგორიც ხალხს სურს. ყველას მოვუწოდებ, რომ გუნდს გვერდში დაუდგნენ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ჩვენი მიზნის მიღწევა.“

„ფეხბურთელებმა დღევანდელ მატჩში ყველაფერი გაიღეს და მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. გოლი 30 წუთში გავიტანეთ, მაგრამ მალევე გავუშვით, კონცენტრაცია დავკარგეთ და ფრედ ვითამაშეთ. ვფიქრობ, ჩვენთვის საქმე გაცილებით რთულდება, რადგან პირველ წრეში საუკეთესო ექვსეულიდან ხუთ გუნდს ვხვდებით.“

8 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ 4 ფრე და 4 მარცხი აქვს და შესაბამისად, 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე იმყოფება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, სტუმრად მე-10 ადგილოსან „კრასავასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია