შტურმი კონკურენტთან დამარცხდა - კიტეიშვილის სამი მომენტი
ავსტრიის ბუნდესლიგის XI ტურში „შტურმმა“ საკუთარ სტადიონზე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და პრინციპულ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა. რთული სათქმელია, რით იყო განპირობებული მასპინძლების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია იურგენ ზაუმელმა ოთარ კიტეიშვილი თადარიგში დატოვა და ცვლილებაზე 57-ე წუთზე შეუშვა, მაშინ როდესაც ანგარიში უკვე 1:3 იყო.
29 წლის ქართველი ნახევარმცველის მოედანზე გამოსვლისთანავე ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს ის „შტურმისთვის“. 16-წუთიან მონაკვეთში კიტეიშვილმა „ვოლფსბერგერის“ კართან ხიფათი სამჯერ შექმნა - პირველ შემთხვევაში მის დარტყმას - ძალა, მეორეში კი სიზუსტე დააკლდა. რაც შეეხება მესამე მომენტს, გასაკვირი არ არის, რომ თავური დარტყმით სტუმართა მეკარეს პრობლემები ვერ შეუქმნა.
 
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ვოლფსბერგერი“ 32-ე წუთისთვის დეიან ზუკიჩის, სიმონ პიეზინგერისა და რენე რენერის გოლებით სამბურთიანი სხვაობით იგებდა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც გრაცელებმა შეძლეს, 54-ე წუთზე ფილიპ როზგას მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი იყო.
10 მატჩში დაგროვებული 21 ქულით „შტურმი“ ბუნდესლიგის ლიდერობას ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას ოთარ კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელები 29 ოქტომბერს, ქვეყნის თასის გათამაშებაში სტუმრად „ადმირასთან“ გამართავენ, ჩემპიონატის შემდეგ ტურში კი 2 ნოემბერს, ასევე გასვლაზე „რაპიდს“ დაუპირისპირდებიან.