„საგსი ორლანდოს გულია“ - ბითაძე თანაგუნდელის დაბრუნებას მიესალმა
„ორლანდომ“ NBA-ს წლევანდელი სეზონი „მაიამისთან“ მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რითაც გულშემატკივრები უზომოდ გააახარა. „მეჯიქის“ მეტოქე რამდენიმე საათში უკვე „ატლანტა“ იქნება და „ჰოუქსთან“ დაპირისპირების წინ, ფლორიდული კლუბის ბანაკში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა - ჯეილენ საგსი, რომელიც იანვარში მიღებულ ტრავმას ამ დრომდე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის. რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ეს უკანასკნელი „ორლანდოსთვის“, ამის შესახებ გოგა ბითაძემ ისაუბრა:
„ჩათვალეთ, რომ მისი დაბრუნება ჩვენ მოტივაციას გვიორმაგებს. საგსის ქმედებები, როდესაც მოედნის შუა ნაწილში მოწინააღმდეგეს ბურთს მოპარავს და საოცარი პასით ხან მე, ხან კი ჩემი თანაგუნდელები სასროლ პოზიციაზე გაყავს, გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
მას ბურთის მოსაპოვებლად ნაკლები ბრძოლა სჭირდება, რაც გვაიძულებს მისთვის ვიშრომოთ და პასი მივაწოდოთ, რადგან ჯეილენი „ორლანდოს“ გულია. ასეთი სტატუსი შესაძლოა ზოგიერთზე დამღუპველად მოქმედებდეს, მაგრამ არა საგსზე, რადგან ის უმაღლესი დონის პროფესიონალია“.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს წლევანდელი სეზონის პირველ შეხვედრაში „მეჯიქმა“ „ჰიტი“ 4-ქულიანი სხვაობით, 125:121 დაამარცხა, გოგა ბითაძემ კი 8 ქულასთან ერთად, 8 მოხსნაც დააგროვა.