„თუ საჭიროდ ჩათვლიან, შენიშვნას დაიმსახურებს“ - ინიესტამ იამალზე ისაუბრა
კვირას გასამართი „ელ კლასიკოს“ წინ ისედაც დაძაბული სიტუაცია ლამინ იამალმა კიდევ უფრო დაძაბა. „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავმა ისეთი განცხადება გააკეთა, სადაც მსაჯების მხრიდან „რეალისთვის“ დახმარების გაწევაზე გაამახვილა ყურადღება, რამაც სამეფო კლუბის წევრები უზომოდ გააღიზიანა. რამდენად სწორია იამალის სიტყვები, ამასთან დაკავშირებით Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა შეკითხვა „ბლაუგრანას“ ლეგენდას ანდრეს ინიესტას დაუსვა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„როგორც წესი ასეთი დიდი მატჩების წინ, ფეხბურთელების კომენტარებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი თამაშს დამატებით ინტრიგას აძლევს, მაგრამ მერწმუნეთ, კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნებისმიერ შემთხვევაში დიდ სანახაობას ვიხილავთ.
„ელ კლასიკო“ ყველა სიტყვაზე მაღლა დგას, ფეხბურთელი იტყვის მას, პრეზიდენტი, თუ რომელიმე ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენელი. ჩემთვის ეს არის დაპირისპირება, რომლის მსგავსიც ფეხბურთში არ არსებობს. რაც შეეხება ლამინ იამალს, თუ „ბარსაში“ მისი განცხადება არ მოეწონებათ, შენიშვნას უხმაუროდ მისცემენ და ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს“.
შეგახსენებთ, რომ ცხრა ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში „რეალი“ „ბარსელონას“ 2 ქულით უსწრებს. „ელ კლასიკო“ კვირას, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.