„გძარცვავენ და წუწუნებენ“ | იამალის განცხადება და რეალის მოთამაშეების რეაქცია
„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, Kings League-ის (პიკეს მიერ დაფუძნებული ლიგა, სადაც 7-7-ზე თამაშობენ) ერთ-ერთი გუნდი „რეალს“ შეადარა. ახალგაზრდა ფეხბურთელი პიკესა და ცნობილ ესპანელ სტრიმერს, იბაი ლიანოსს ესაუბრებოდა, როცა „პორსინოსსა“ და „ბლანკოსს“ შორის პარალელი გაავლო.
„გძარცვავენ (მსაჯების შეცდომებზე „რეალის“ სასარგებლოდ), წუწუნებენ და აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაზეც არაფერი ვიცი,“ – განაცხადა ლამინმა. იამალის სიტყვებს ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კვირას „ელ კლასიკო“ უნდა გაიმართოს.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, თუ რა რეაქცია ჰქონდათ „რეალის“ ფეხბურთელებს იამალის კომენტარზე. „ბლანკოსის“ მოთამაშეებს მისი გამოხტომები ყელში ამოუვიდათ, გაღიზიანებული არიან და ეს მათთვის დამატებითი მოტივაცია გახდა.
მათ მიაჩნიათ, რომ ლამინი პროფესიონალ ფეხბურთელთა დაუწერელ კოდექსს პატივს არ სცემს და მის გამოხტომებთან ახალგაზრდული ასაკი არაფერ შუაშია. პარასკევ გამართულ ვარჯიშზე, მადრიდელებმა იამალის სიტყვებზე იმსჯელეს და მის განცხადებას მოტივაციის წყაროდ გამოიყენებენ.