„ნაკრებში მოხვედრა ყველაზე დიდი ოცნებაა“ - ინტერვიუ სანდრო ნარიმანიძესთან
სანდრო ნარიმანიძე იმ ქართველ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 20 წლის ცენტრალურმა მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ადაპტაცია თითქმის დაასრულა და ამჟამად ნიკე ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერ „ჟილინას“ უკანა ხაზის მის გარეშე წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
სანდროზე იმედებს ამყარებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელიც - რამაზ სვანაძემ მას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებში დიდი ნდობა გამოუცხადა და გარდა იმისა, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი არაჩვეულებრივად გაართვა, მალტელებთან (0:5) სტუმრად მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა. Crystalsport-თან ინტერვიუში ნარიმანიძემ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემებზე დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრა.
სანდრო ნარიმანიძე
როგორც კლუბს, ასევე სლოვაკურ ფეხბურთს ბოლომდე შევეწყვე და ვფიქრობ, ამაზე შეფასებებიც მეტყველებს. როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ვცდილობ თითოეული შეხვედრისთვის მზად ვიყო. მთავარ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და რაც ყველაზე მთავარია, „ჟილინას“ დამრიგებელი ისეთი ადამიანია, რომელიც გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სწორი მიდგომა არასოდეს ეშლება.
რაც შეეხება სლოვაკეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს, ბუნებრივია ყველა მათგანს ვეკონტაქტები და თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ. ცოტნე კაპანაძე „იბერიაში“ ჩემი თანაგუნდელი იყო, კარგი ურთიერთობა მაქვს გიორგი გაგუასთან. გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი შედარებით ახალი ჩამოსულები არიან, გურამ კაშიასთან ურთიერთობა კი ადრეც მქონდა და ახლაც მაქვს.
მაქვს თუ არა სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები? სიმართლე გითხრათ, ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მთლიანად „ჟილინაზე“ ვარ ფოკუსირებული. ეს სეზონი ჩვენთვის კარგად მიდის, პირველ ადგილზე ვართ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას სერიოზულად ვაპირებთ. ასე რომ, მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ როგორც თანაგუნდელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი ჩემი თამაშით კმაყოფილი დარჩეს და სხვა თემებზე მობილიზება მიჭირს.
ჩემი მთავარი ოცნება ყოველთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვედრა იყო და ამ მიზნის მიღწევა ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება 21-წლამდე ნაკრებს, უკვე ორი შეკრება გამოვიარეთ და რამაზ სვანაძის სამწვრთნელო მეთოდოლოგიისა და ფსიქოლოგიის შესახებ ყველაფერს დეტალურად ჩავუღრმავდით. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელიც განსხვავებული მეტოქის წინააღმდეგ განსხვავებულ ტაქტიკას არჩევს. ნოემბერში ბერძნებთან და გერმანელებთან ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ სათანადოდ მობილიზების შემთხვევაში ორივეში გამარჯვება შეგვიძლია.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში „ჟილინამ“ ყველა ტურნირზე 13 (11 ნიკე ლიგაში, 2 კონფერენს ლიგაზე) შეხვედრა ჩაატარა და სანდრო ნარიმანიძეს არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია. ქართველმა მცველმა 9-ჯერ ძირითადში დაიწყო, 4-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და საერთო ჯამში მოედანზე 860 წუთი გაატარა.