ალექს პერეირა, ტომ ასპინალი
Aa
Aa

ასპინალი: პერეირას მძიმე წონაში სიამოვნებით მივესალმები

თუ ალექს პერეირა გადაწყვეტს UFC-ის მძიმე წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას, ტომ ასპინალი ამ იდეას დიდი სიამოვნებით მიესალმება.

„რა თქმა უნდა – სიამოვნებით მივესალმები მას მძიმე წონაში. შეგიძლიათ ნებისმიერს ჰკითხოთ, ვინც ოდესმე ჩემს კარიერასთან იყო დაკავშირებული – მე არასოდეს ვამბობ უარს ბრძოლებზე. თუ ბრძოლებზე უარის თქმას დავიწყებ, ეს ნიშნავს, რომ არასწორი სპორტი ავირჩიე. მე აქ საბრძოლველად ვარ. სულ ეს არის.

MMA-ს ბევრი მებრძოლი ცდება გზას და არასწორი მიმართულებით მიდის. ისინი ცნობილები ხდებიან და სხვადასხვა სისულელეებით იწყებენ დაკავებას. მე კი აქ საბრძოლველად ვარ. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდა, რაც მომწონს და რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი.

ალექსის დიდი ფანი ვარ. საერთოდ ყველა მებრძოლის ფანი ვარ, განსაკუთრებით კი ალექსისა და ჯონ ჯონსის მსგავსი მებრძოლების. წლების შემდეგ, როდესაც კარიერას დავასრულებ და უკან მოვიხედავ, ვიფიქრებ: „მე ამ ბიჭებთან ვიბრძოლე“ – ეს სასიამოვნო იქნება“,

– განაცხადა ბრიტანელმა The Sun Sport-თან ინტერვიუში.

სანამ ასპინალი სერიოზულად იფიქრებს პერეირასთან ბრძოლაზე, იქამდე მან თავისი ქამარი სირილ განის წინააღმდეგ უნდა დაიცვას. მათი ბრძოლა უკვე ამ უქმეებზე, UFC 321-ზე აბუ-დაბიში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები