უმარი: მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული
თუ მერაბ დვალიშვილი მოასწრებს პიოტრ იანთან ბრძოლისთვის აღდგენას და რუსთან დაპირისპირებას კარგ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდება, ის წარმატებით დაიცავს UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს - მიიჩნევს უმარ ნურმაგომედოვი.
„ვფიქრობ, მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღიდგენს კონდიციებს ის ამ ბრძოლისთვის. არ ვიცი, გაუჭირდება თუ არა, რადგან ასეთი სწრაფი დაბრუნება დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, მათ შორის წონის დაკლების გამო“,
– განაცხადა რუსმა მებრძოლმა ბრაიან კემპბელთან ინტერვიუში.
4 ოქტომბერს დვალიშვილმა წარმატებით დაიცვა საჩემპიონო ქამარი, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა, ხოლო პიოტრ იანთან მისი განმეორებითი ბრძოლა 6 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 323-ზე გაიმართება.
უმარ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე ამ უქმეებზე, UFC 321-ზე აბუ-დაბიში დაბრუნდება, სადაც პოტენციურ საპრეტენდენტო ბრძოლაში ამერიკელ მარიო ბაუტისტას შეხვდება.