„კიდევ ბევრი აქვს სასწავლი“ - კრემონეზეს მწვრთნელი ლორთქიფანიძის დებიუტზე
გუშინ, სერია A-ში დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა. „კრემონეზეს“ 20 წლის ნახევარმცველი საბა გოგლიჩიძის „უდინეზეს“ წინააღმდეგ მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა და იტალიური მედიისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შეაფასა.
რას ამბობს ნიკოლა ლორთქიფანიძეზე:
„როგორ გაჩნდა მისი მოედანზე შეყვანის იდეა? ვფიქრობ, ეს ყვითელმა ბარათებმა განაპირობა. არ ვიტყოდი, ეს ბარათები არასწორი იყო, ინტენსივობა ფეხბურთის ნაწილია. პაიერო ყვითელი ბარათით დაჯარიმდა, ზოგიერთი მოთამაშე კი დაიღალა. ამის გამო, არჩევანი ლორთქიფანიძეზე და მის განვითარებაზე გავაკეთე. ვფიქრობ, ის მოედანზე გარკვეული სიმშვიდით გამოჩნდა და თავი კარგად წარმოაჩინა. თუმცა, მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ეს ნორმალურიცაა.“
დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქამდე კი 20 წლის ფეხბურთელი ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა.
7 ტურის შემდეგ მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.