ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, დევიდ უები
Aa
Aa

„ჟორჟი-კვარას დუეტის შეჩერება ყველას გაუჭირდება“ - სანიოლის ასისტენტი ესპანეთთან მატჩამდე

ესპანეთი-საქართველოს მატჩის წინ მადრიდული სპორტული მედიის ყურადღების ქვეშ ქართველი ფეხბურთელები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მოექცა. Marca-ს ვრცელ სტატიაში ეწერა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის სახით გამოჩნდნენ ისეთი ფიგურები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს ნაკრები გახდა ისეთი ანგარიშგასაწევი გუნდი რომ მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

რის ხარჯზე მიაღწიეს პროგრესს „ჯვაროსნებმა“, ამის თაობაზე Marca ცნობილ ინგლისელ სპეციალისტს დევიდ უებს ესაუბრა, რომელიც ვილი სანიოლის ასისტენტად 2023 წლიდან მუშაობს და ამ გუნდის წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

დევიდ უები

ჩემი საქართველოს ნაკრებში მისვლის დღიდან მიქაუტაძემ ძალიან მოუმატა - გიორგიმ პროგრესს ფიზიკური, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური კუთხით მიაღწია. არაჩვეულებრივად კითხულობს თამაშს, სწრაფია და ჩემი აზრით, მეტოქის საჯარიმოში სწორად მოძრაობის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თანაც, მიქაუტაძე თანაბრად სასარგებლოა როგორც 4-3-3, ასევე 4-4-2 სათამაშო სქემის გამოყენების დროს.

ჟორჟი კლასიკური 9 ნომერია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ფლანგებზე, 7 და 11 ნომრის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა. მის პლუსებზე უკვე გესაუბრეთ, თუმცა დამავიწყდა მეთქვა, რომ კარისკენ ზურგით მდგომიც იდეალურად იღებს ბურთს და პარტნიორებს სივრცეებს კარგად უთავისუფლებს.

უშიშრად და აგრესიულად თუ არ ვითამაშებთ, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დადებითი შედეგის ჩვენება გაგვიჭირდება. მათი შეჩერება რთულია, რადგან „ფურია როხაში“ ძირითადი და სათადარიგო მოთამაშეები არ არსებობენ. ლუის დე ლა ფუენტეს ჰყავს ლამინ იამალისა და ნიკო უილიამსის სახით მაღალი კლასის გარემარბები და მოედნის ცენტრში ისეთი ოსტატები, როგორებიც პედრი, როდრი და ფერმინ ლოპესი არიან.

საქართველოს ნაკრები ადრე 3-5-2 ტაქტიკით გამოდიოდა, რამაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლაში შეგვიწყო ხელი. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წევრებმა უკეთეს კლუბებში განაგრძეს კარიერა, შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს და გადავწყვიტეთ ისეთ სქემაზე გადაწყობა, რომელიც უფრო მეტად ბურთის ფლობაზე იქნებოდა დაფუძნებული.

გაგვიმართლა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ჩვენს გუნდში თამაშობენ. პირველ მათგანს როგორც გატანა, ასევე თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნა შეუძლია, მეორე კი ნამდვილი ცხრიანი და ბომბარდირია. მიქაუტაძე გამუდმებით საფრთხეს წარმოადგენს, ხვიჩა კი საგოლე შანსებს არაფრისგან აჩენს. მეტოქეებისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ მათ წინააღმდეგ ეს დუეტი თამაშობს, მშვიდად ერთი წუთითაც ნუ იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მიზანია დიდი სანაკრებო ტურნირების ფინალურ ეტაპზე რეგულარული ასპარეზობა. ევროპის პირველობას გემო უკვე გავუსინჯეთ და ახლა საჭიროა აღებული ტემპი არ დავაგდოთ. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. სამ დღეში, 14 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკვე თურქეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებენ და ეს შეხვედრაც 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმატებისთვის, ყველას საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს“ - მამარდა ესპანეთთან მატჩზე
„წარმატებისთვის, ყველას საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს“ - მამარდა ესპანეთთან მატჩზე