სამბას რიტმზე მოთამაშე ფეხბურთელი - გარინჩას მსგავსება მარადონასთან
დიეგო მარადონა და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთთან განუყოფელია. შეუძლებელია წარმოიდგინო ის მზით გაჯერებული მექსიკური დღეები და მაშინვე არ გაგახსენდეს არგენტინის ლეგენდარული 10 ნომერი — ადამიანი, რომელმაც თავისი ჯადოთი მთელი მსოფლიო მოხიბლა.
მარადონა, რომელიც ინგლისის დაცვას ბავშვებივით ატყუებდა და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გოლს იტანდა.. მარადონა, რომელიც ბელგიის მცველებს აბნევდა და ბალანსს არ კარგავდა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა დაეცემოდა.. მარადონა, რომელიც „პიბეს“ — ქუჩის ბიჭის — სულით თამაშობდა და ინგლისს სამუდამო კომპლექსი აჰკიდა..
ეს მომენტები იმდენად საკულტო გახდა, რომ დღეს ბევრისთვის უკვე საერთო ჭეშმარიტებად იქცა აზრი, თითქოს მარადონამ მსოფლიო თასი მარტომ მოიგო..
თუმცა, როგორც ხშირად ხდება, დროთა განმავლობაში სიმართლის ბირთვი გადაჭარბებულ ამბად იქცა. იმის თქმა, რომ მარადონამ მსოფლიო თასი მარტო მოიგო, ნიშნავს დავივიწყოთ, რომ ფეხბურთი 11 კაცის თამაშია და ამით გარკვეული უსამართლობაცაა მისი თანაგუნდელთა მიმართ.
რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ მარადონა 1986 წლის ტურნირზე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისმა წარმოუდგენელმა ფორმამ არგენტინა ჩემპიონობამდე მიიყვანა. იტალიასთან გოლი ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ დუბლები ინგლისთან მეოთხედფინალში და ბელგიასთან ნახევარფინალში — ის იყო მისი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მაგრამ დიეგოს გვერდით იდგნენ ხორხე ბურუჩაგა, ხორხე ვალდანო და ოსკარ რუგერი — მხოლოდ სამის დასახელებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ ტურნირს გუნდები იგებენ, არა ინდივიდები..
თუმცა სამართლიანია ითქვას, რომ მარადონას გავლენა 1986 წლის ჩემპიონატზე სეისმური იყო და მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ამ ტურნირთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულად.
სამწუხაროდ, ხშირად ავიწყდებათ, რომ დიეგო პირველი არ ყოფილა, ვინც ასე დომინანტურად ითამაშა მსოფლიო თასზე. ამის გასაგებად უნდა დავბრუნდეთ 24 წლით უკან — ჩილეში, 1962 წელს..
თითოეულ მსოფლიო ჩემპიონატს თავისი ისტორიული სიუჟეტი აქვს, რომელიც ხშირად ფინალის გარშემო ტრიალებს.
1950 წელი — მარაკანას ტრაგედია, როცა ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა;
1954 — ბერნის სასწაული, როცა გერმანიამ უნგრეთი დაამარცხა და ეროვნული სიამაყე დაიბრუნა;
1958 — ახალი ვარსკვლავის დაბადება — თინეიჯერი პელე, რომელმაც მსოფლიო სცენაზე ორი გოლი გაიტანა;
1966 — ინგლისის სიწმინდე, სადაც ჯეფ ჰერსტის ბოლო წუთის გოლი ისტორიაში შევიდა;
1970 — ყველა დროის საუკეთესო ფინალი, უდიდესი გუნდი და შესაძლოა, ყველაზე სრულყოფილი გოლი.
სხვა ტურნირებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ სილამაზესა და ელეგანტურობას ინარჩუნებენ, 1962 წელი უფრო მეტად დაკავშირებულია სიხისტესთან და განსაკუთრებით ber „სანტიაგოს ბრძოლასთან“.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ჩემპიონატებს არ აკლდა ძალადობა (საკმარისია გავიხსენოთ ბრაზილია–უნგრეთი 1954 წელს), 1962 წლის ჩემპიონატს ხშირად უსამართლოდ უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად სანახაობრივს. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი — განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ ტურნირზე ისეთივე დომინანტი იყო, როგორც მარადონა 1986-ში: გარინჩა.
გარინჩას შესახებ ბევრი ისტორია არსებობს — განსაკუთრებით მისი დაუვიწყარი, მღელვარე და ხშირად ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. რუი კასტროს შესანიშნავი წიგნი აუცილებლად წასაკითხია: ის გაგაცინებს და შემდეგ აგატირებს. როგორც ჯორჯ ბესტის ან პოლ გასკოინის შემთხვევაში, გარინჩას ცხოვრებაშიც იმდენად ბევრი დრამაა, რომ ხშირად ივიწყებენ მთავარს — იმ ეპოქის გენიალურობას, რომელიც მოედანზე აჩვენა.
ქალებთან დაკავშირებული სკანდალები და სიმთვრალის ისტორიები ათწლეულების განმავლობაში გაზეთების სათაურებში ხვდებოდა — და სამწუხაროდ, ხშირად ცვლიდა დიდი ფეხბურთელების სახესა და მემკვიდრეობას. ბესტისა და გასკოინის მსგავსად, გარინჩას ცხოვრებაც არ აკლდა ასეთ ამბებს, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც იმ ორს, ისიც მსოფლიოს უდიდეს მოთამაშეთა შორის იყო თავისი მწვერვალის წლებში. და არასდროს უთამაშია უკეთ, ვიდრე ჩილეში, 1962 წლის ზაფხულში.
გარინჩა ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ყველაზე მეტად მეტოქეების მოტყუებითა და დრიბლინგით ერთობოდა. ხშირად ამბობდნენ, რომ მცველების მოტყუების შემდეგ, უკან ბრუნდებოდა, რათა ისევ გაეკეთებინა იგივე — უბრალოდ სიამოვნებისთვის.
თუ ოდესმე ვინმე მართლაც „სამბას რიტმზე“ თამაშობდა, ეს გარინჩა იყო. და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა ერთი ფეხი უფრო მოკლე ჰქონდა, ერთი მუხლი შიგნით იყო მოხრილი, მეორე — გარეთ.
მისი ნიჭი პირველად „ბოტაფოგოში“ აღმოაჩინეს და განავითარეს, სადაც იმდენად გაიბრწყინა, რომ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში ადგილი მოიპოვა..
მაშინ გარინჩას კონკურენტები ჰყავდა — პირველ რიგში „ფლამენგოს“ ფლანგელი ჟოელი და იტალიაში, „ფიორენტინაში“ მოთამაშე ჟულინიო.
იმ დროის საფეხბურთო აზრი უფრო ჟულინიოს მხარეს იხრებოდა — ის 1954 წლის ჩემპიონატზეც თამაშობდა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
სანამ ბრაზილია შვედეთში გაფრინდებოდა, მწვრთნელმა ფეოლამ გადაწყვიტა, ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში გარინჩა გამოეცადა — ახალგაზრდა ტალანტ პელესთან ერთად. ბრაზილიამ 3:1 მოიგო და იმ დღიდან გუნდი არასდროს დამარცხებულა იმ შეხვედრებში, სადაც ორივე ერთად თამაშობდა.
ფიორენტინასთან მოსამზადებელ მატჩში გარინჩამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი გაიტანა.
ბურთი მიიღო, ოთხ მცველს აუარა გვერდი, მეკარეც მოატყუა და როცა უკვე ბურთის გატანა შეეძლო, კარის ხაზზე გაჩერდა, შებრუნდა და უკან დაბრუნებულ მცველსაც კიდევ ერთხელ გასცდა..
ეს უჩვეულო ოსტატობა და შოუ ბოტაფოგოს გულშემატკივრებისთვის მხიარული სანახავი იყო, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები შეშფოთდნენ — შეეშინდათ, რომ გარინჩა ზოგჯერ ფეხბურთს ზედმეტად უდარდელად ეკიდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეოლა იყო გუნდის ოფიციალური მწვრთნელი, რეალურად შემადგენლობის შერჩევა კოლექტიურად წყდებოდა — ფეოლა, ნასიმენტო, გოსლინგი და პაულო ამარალი ერთად წყვეტდნენ.
ავსტრიის წინააღმდეგ პირველ თამაშზე მათ ეგონათ, რომ მეტოქე მოედნის შუაში ოთხ კაცს დააყენებდა, ამიტომ მარჯვენა ფლანგელის შემტევი საჭიროების შემთხვევაში უკან უნდა ჩამოწეულიყო და ნახევარდაცვას დახმარებოდა..
ამ დროს ამარალმა — რომელიც გარინჩას კარგად იცნობდა „ბოტაფოგოდან“ — თქვა, რომ გარინჩა ასეთი ტაქტიკური მითითებების შესრულებას არ ინებებდა რადგან ის მწვრთნელებს ხშირად არ უჯერებდა. ამიტომ უფრო დისციპლინირებულმა ჟოელმა ითამაშა — ხოლო გარინჩა სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
მსგავსი გადაწყვეტილებით გარინჩა ვერც ინგლისის წინააღმდეგ მოხვდა ძირითადში — ეშინოდათ, რომ მისი დრიბლინგი ზედმეტ ჯარიმებს გამოიწვევდა და თამაშიდან ადრე გაიყვანდნენ.
ავსტრიის დამარცხების და ინგლისთან ფრედ დასრულების შემდეგ ბრაზილია გადამწყვეტი მატჩის წინ იდგა(სსრკ-ს წინააღმდეგ).
სუპერფიზიკური საბჭოთა გუნდის ანალიზის შემდეგ კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ბრაზილიას სწრაფად უნდა დაეწყო თამაში და თავიდანვე მოეპოვებინა უპირატესობა, სანამ სსრკ-ს გამძლეობა მათ არ დაეხმარებოდა. ამიტომ საბოლოოდ გადაწყდა — გარინჩა უნდა დაეყენებინათ, რათა თავისი სისწრაფით და ტექნიკით შეეტია.
თამაში დაიწყო და გარინჩამ საბჭოთა დაცვა მოაჯადოვა - 40 წამში კარში დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა. 15 წამის შემდეგ, პელეს დარტყმულიც ძელს მოხვდა..
გარინჩამ მოწინააღმდეგე ისევ აწვალა და მესამე წუთზე ვავა გოლს იტანდა. ფრანგმა ჟურნალისტმა გაბრიელ ანომ მოგვიანებით თქვა, რომ ეს იყო "ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სამი წუთი". ბრაზილიამ მოიგო 2:0, მაგრამ სრულად დომინირებდა — გარინჩა ბრწყინვალე იყო. ის საბოლოოდ მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა.
ევროპა აღფრთოვანდა — დაიწყო გარინჩამანია.
მეოთხედფინალში უელსის დაცვითი სტილი მისთვის რთული იყო, რადგან მჭიდროდ მიჰყვებოდნენ, მაგრამ მაინც მან წამოიწყო შეტევა, საიდანაც პელემ გაიტანა ერთადერთი გოლი.
შემდეგ იყო საფრანგეთი ნახევარფინალში — და ისევ, გარინჩამ პირველივე წუთზე, პირველი გოლის შეტევა დაიწყო..
ბრაზილიამ მარტივად გაიმარჯვა და ფინალში მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდა. ამბობენ, რომ გარინჩამ მატჩის შემდეგ თანაგუნდელს, ნილტონ სანტოსს ჰკითხა — „ვისთან ვთამაშობთ შემდეგ?“ — რადგან ასეთ დეტალებზე არასდროს ფიქრობდა. მისთვის ყველა მცველი ერთნაირი იყო — მარტივად მოსატყუებელი..
ფინალში შვედეთმა ზუსტად 4 წუთში გაიტანა, მაგრამ მალევე გარინჩამ მარჯვენა ფლანგზე ყველაფერს შეუტია..
ოთხი წუთის შემდეგ ბურთი მიიღო, მცველი მარტივად მოატყუა და თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა..
გარინჩა განაგრძობდა მოწინააღმდეგის წამებას და 30-ე წუთზე კვლავ მოატყუა მცველი და კვლავ ასისტი გაუკეთა ვავას — 2:1.
ბრაზილიამ საბოლოოდ 5:2 მოიგო, რაც უდიდესი სიხარულის სცენად იქცა — 1950 წელს მიყენებული იარებიდან, აღარაფერი დარჩა..
სულ თამაშის განმავლობაში გარინჩამ ბაილაინამდე 15-ჯერ მიაღწია — წარმოუდგენელი მაჩვენებელი.
მსოფლიო თასმა მომენტალურად ვარსკვლავებად აქცია თინეიჯერი პელე და ჯადოსნური გარინჩა. მან პირველი ორი მატჩი გამოტოვა, მაგრამ შემდეგ საოცრად ითამაშა. ეს იყო გუნდის გამარჯვება — გარინჩა უბრალოდ ბრწყინვალე კოლექტივის ნაწილი იყო, სადაც თამაშობდნენ პელე, ნილტონ სანტოსი, დიდი, ზაგალო და ვავა..
ეს იყო მისი საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილი გამოჩენა — მაგრამ მაშინ ის მხოლოდ ერთ-ერთ ბრწყინვალე მოთამაშეთაგან იყო.
თუმცა ოთხი წლის შემდეგ ჩილეში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა — ისტორია, რომელიც საოცრად ჰგავს მარადონას 1986 წლის ამბავს.
ბრაზილია 1962-ში ჩემპიონის სტატუსით და ფავორიტის წნეხით შევიდა ტურნირზე — და ეს ზეწოლა იგრძნობოდა პირველივე მატჩში, სადაც გუნდი ურითმოდ თამაშობდა და მხოლოდ მეკარე ჟილმარის გმირობით მოიგო მექსიკასთან 2:0.
შემდეგი მეტოქე ჩეხოსლოვაკია იყო — და სწორედ აქ დაიწყო დრამა..
პირველი ტაიმის შუაში პელემ ძლიერად დაარტყა, მეკარემ მოიგერია, მაგრამ პელე ძირს დაეცა — ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მაშინ შეცვლები არ არსებობდა, ამიტომ პელე იძულებული გახდა მოედანზე დარჩენილიყო, მაგრამ აშკარად ვერ მოძრაობდა — ფლანგზე დადგა და უყურებდა, როგორ ვერ იგებდა ბრაზილია თამაშს - მთავარი ვარსკვლავი სერიოზულად დაშავდა..
და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო გარინჩას ზენიტი.
პირველ ორ შეხვედრაში ჩუმად მყოფმა, მან ესპანელების წინააღმდეგ ბურთი მიიღო შუა ზონაში, ორი მცველი მოატყუა და ამარილდოს იდეალური პასი გაუკეთა, რომელმაც მატჩის გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბრაზილია მეოთხედფინალში გავიდა..
ფინალში ბრაზილიის მეტოქე ინგლის იყო - გუნდი, რომელსაც სტრუქტურულად ორგანიზებულ გუნდებთან თამაში ერჩივნა, ვიდრე ისეთებთან, რომლებიც მოულოდნელად და არაპროგნოზირებადად მოქმედებდნენ. სამწუხაროდ მათთვის, გარინჩა იმ დღეს სწორედ ერთ-ერთ თავის „გადარეულ“ ამპლუაში იყო — არ აინტერესებდა პოზიციები და ნახევარმცველის ზონაში თავისუფლად ცეკვავდა.
პირველი გოლი მან თავით გაიტანა კუთხურიდან — იშვიათი შემთხვევა მისთვის.
შემდეგ მისი ძლიერად დარტყმული საჯარიმო მეკარე რონ სპრინგეტმა მოიგერია და ვავამ დამატებაზე გაიტანა.
ბოლოს გარინჩამ ბრაზილიისთვის მესამე გოლი გაიტანა.. გარინჩას ბრწყინვალე თამაშმა ბრაზილიას დაავიწყებინა პელეს დაკარგვა და ნახევარფინალამდე მიიყვანა გუნდი, სადაც ისინი მასპინძელ ჩილეს უნდა შეხვედროდნენ.
მეორედაც იგივე მოხდა — გარინჩა საოცარ ფორმაში იყო და ისევ ორჯერ გაიტანა და მესამე გოლი ვავას გაატანინა.
ჯერ მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი თავით მეორე გოლი გაიტანა, სანამ მესამე გოლზე ასისტს გააკეთებდა.
გარინჩას მიმართ ჩილელები ძალიან უხეშები იყვნენ. ეს მუდმივი უხეშობა და პროვოკაციები ბოლოს ისე გაიწელა, რომ მეექვსე წუთზე გარინჩამ მოთმინება დაკარგა.
კიდევ ერთმა უხეშობამ მას კონტროლი დააკარგვინა — შურისძიების ჟინით მან როხასს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჩილელი ტკივილით დაეცა. მსაჯმა არ დააყოვნა — გარინჩა მოედნიდან გააძევა.
მსაჯმა საშინელი თამაში ჩაატარა — აშკარად შეშინებული იყო მტრულად განწყობილი მასპინძელი გულშემატკივრებისგან — მაგრამ მიუხედავად საეჭვო გადაწყვეტილებებისა, ბრაზილიამ 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა..
ამ ყველაფრის ფასი ის იყო, რომ გარინჩა ფინალს ჩეხოსლოვაკიასთან გამოტოვებდა.. როგორც მარადონას, გარინჩასაც მუდამ უწევდა გამკლავება წიხლებთან, უხეშობასთან და პროვოკაციებთან.. იგი თითქმის ყოველთვის იკავებდა თავს, მაგრამ ყველფერს აქვს ზღვარი.
1962 წელს კი წითელი ბარათი ავტომატურად არ ნიშნავდა მომდევნო მატჩის გამოტოვებას — ამას FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტი წყვეტდა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა შესაძლო გავლენა გამოიყენა — სპორტული თუ პოლიტიკური..
ბედად, მსაჯმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავად არ უნახავს ინციდენტი და გადაწყვეტილება ასისტენტის სიტყვებზე დაყრდნობით მიიღო — რომელიც უკვე ქვეყანას გასცდენოდა.
გარინჩა მხოლოდ გაფრთხილებით გადარჩა — ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ..
ახლა მთავარი კითხვა იყო — შეძლებდა თუ არა პელე თამაშს.
ის გარკვეული დრო ისვენებდა და ტრავმას იშუშებდა, მაგრამ მაინც იყო რისკი.
სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებლების გარეშე ვერ ითამაშებდა.. ყველას ახსოვდა ფერენც პუშკაშის წარუმატებელი მცდელობა იგივე გაეკეთებინა 1954 წლის ფინალში.
გადაწყდა, რომ რისკზე არ წასულიყვნენ — თუმცა ჩეხებს დააჯერეს, რომ პელე ითამაშებდა. ასე მათი ტაქტიკა არიეს..
სხვათა შორის, ჩეხებმა არც ის იცოდნენ, რომ გარინჩას ფინალამდე სიცხე ჰქონდა და ასპირინი ჰქონდა დალეული.
მაგრამ ამჯერად ბრაზილიას მისი ზებუნებრივი ფორმაც აღარ დასჭირდა — იოლი გამარჯვება 3:1..
გარინჩამ პელეს არყოფნაში გატანილი ოთხი გოლით ტურნირის ბომბარდირის ტიტული გაინაწილა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა — ორი გოლი ინგლისთან, ორი ჩილესთან.
24 წლის შემდეგ, დიეგო მარადონამაც ზუსტად ეს გაიმეორა — ორი გოლი მეოთხედფინალში, ორი ნახევარფინალში.. ფინალი გოლის გარეშე, მაგრამ ტურნირის მთავარი გმირის სტატუსით. მსგავსება მართლაც საოცარია..
მიუხედავად იმისა, რომ მარადონამ შემდეგ კიდევ ორ მუნდიალზე ითამაშა, გარინჩას კარიერა სწრაფად დაეშვა — მუხლის მძიმე ტრავმამ საბოლოოდ დაამარცხა.
ის მონაწილეობდა 1966 წლის ჩემპიონატზეც, საწყის მატჩში გოლი საჯარიმოდან გაიტანა, მაგრამ უნგრეთთან მარცხის შემდეგ, რომელიც პირველი და ერთადერთი წაგება იყო მისი 50 სანაკრებო მატჩიდან — სანაკრებო კარიერა დაასრულა..
შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად აეწყო: ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან ბრძოლა, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც გარდაიცვალა დედამთილი, უამრავი ურთიერთობა და სულ ცოტა 14 შვილი..
1983 წელს, 49 წლის ასაკში, გარინჩა ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა..
მაგრამ ეს უკვე ცალკე, სევდიანი ისტორიაა..
მინდორზე კი ის იყო ჯადოსნური ფიგურა, რომელიც ზუსტად, როგორც მარადონა — წარმოადგენდა უბრალო ხალხის ხმას.. და თამაშობდა ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ ფეხბურთი უნდა ითამაშო: თავისუფლად, ბუნებრივად და სიხარულით.
ორივეს ყურება სახეზე ღიმილს იწვევს — ისენი იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც ვერასდროს ჩერდებოდნენ ერთ მეტოქეზე, სანამ კიდევ ერთი არ დაეცემოდა მათ წინაშე.
და ამ გზით ორივე ავიდა მწვერვალზე..