33 წლის შემდეგ | მიქაუტაძემდე იუვენტუსს ევროტურნირებზე ქართველმა 1992 წელს გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ნიკოლა პეპეს გადაცემა გამოიყენა და ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. გიორგიმ 33-წლიანი სერია დაასრულა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროტურნირებზე „ბებერი ქალბატონის“ კარი აიღო. აქამდე ეს მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჰქონდა გაკეთებული.
ქეცბაიამ „იუვენტუსს“ 1992 წელს გაუტანა. უეფას თასის პირველ რაუნდში მისი „ანორთოსისი“ „ბიანკონერის“ დაუპირისპირდა. ტურინელებმა ორმატჩიანი დაპირისპირება 10:1 მოიგეს და ქეცბაიამ თავი „სტადიო დელე ალპიზე“ გამოიჩინა. პირველი შეხვედრა „იუვენტუსმა“ 6:1 მოიგო, მეორე - 4:0.
„იუვენტუსის“ კარს მაშინ ანგელო პერუცი იცავდა, ხოლო „ბიანკონერის“ რიგებში გოლები რობერტო ბაჯომ, ჯანლუკა ვიალიმ (დუბლი), ანტონიო კონტემ, ანდრეას მიოლერმა და მორენო ტორიჩელიმ გაიტანეს. განმეორებით თამაშში ფაბრიციო რავანელიმ, იურგენ კოლერმა და პიერლუჯი კაზირაგიმ (დუბლი) გამოიჩინეს თავი. იმ სეზონში „იუვე“ ჩემპიონიც გახდა.