ინიესტას და ზიდანს გაუთანაბრდა - დე ბრუინის ევროპული მიღწევა
სოლიდურ საფეხბურთო ასაკში ყოფნის მიუხედავად, 34 წლის კევინ დე ბრუინი კვლავაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და პეპ გუარდიოლას უმტკიცებს, რომ მის სამსახურზე უარის თქმა და „ნაპოლიში“ გაშვება მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ბელგიელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „სპორტინგთან“ „ნაპოლის“ გამარჯვება დიდწილად მისმა კარგმა ასპარეზობამ განაპირობა.
დე ბრუინმა რასმუს ჰოილუნდს ორი საგოლე პასი მიაწოდა, დანიელს დუბლის შესრულებაში დაეხმარა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 26 ასისტი დაუგროვდა, რითაც ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანსა და ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა. ახლა მასზე წინ მხოლოდ რაიან გიგზი (41), ანხელ დი მარია (38), დევიდ ბექჰემი (36) და ჩავი ერნანდესი (31) არიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ბრუინმა საკუთარ თამაშზე უფრო მეტად ხაზი რასმუს ჰოილუნდის დიდებულ ასპარეზობას გაუსვა და აღნიშნა, რომ დანიელი ფორვარდი თამაშის სტილით ერლინგ ჰოლანდს აგონებს.