მეტოქეს თმაზე მოქაჩა და გააძევეს - შენგელიას წითელი და ოფის მორიგი მარცხი
საბერძნეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, ლევან შენგელიას „ოფი კრეტა“ საკუთარ მოედანზე „კიფისიას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა სამწუხაროდ, 43-ე წუთზე უსიამოვნო ინციდეტში გაეხვა და წითელი ბარათი მიიღო. ამ ეპიზოდში მოედანზე ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, ლევან შენგელიამ კი მეტოქეს თმაზე მოქაჩა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ამ დროს ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:1 იყო.
69-ე წუთზე 10-კაციანმა „ოფიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაუშვა - მე-80 და 90+4-ე წუთებზე, რის შედეგადაც გათამაშებაში მორიგი მარცხი განიცადა.
ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან შენგელიას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა, მომხდარ ეპიზოდზე ჯერ სუპერლიგის სადისციპლინო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და საბოლოო ვერდიქტიც მათი გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში მე-5 შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ საბერძნეთის თასზეც ითამაშა, თუმცა საგოლე მოქმედება ამ დრომდე არ ჰქონია. 5 ტურის შემდეგ მისი გუნდი 3 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „არისთან“ გამართავს.