„ილია ჩემთან არ იჩხუბებს, არც გეიჯისთან“ - ცარუკიანმა იმედი დაკარგა
UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი, შეეგუა იმ ფაქტს, რომ მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიასთან ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებს.
ასევე, რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლს არ სჯერა, რომ ქართველის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იქნება.
„გეიჯი არ იჩხუბებს თოფურიასთან. ეს ჩემი აზრია, UFC-ს შეუძლია გააკეთოს რაც უნდა, თუნდაც თოფურია დებიუტანტთან დააყენოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სავარაუდოდ პიმბლეტი იქნება და არა გეიჯი. თოფურია დაიცავს ტიტულს, და თუ ისლამი მოიგებს ტიტულს, ის გადავა 77 კგ-ში და მოინდომებს სამმაგი ჩემპიონი გახდეს.
ჩემთან ბრძოლა არ მოუნდება, რადგან ისლამთან მას შეუძლია მეტი იშოვოს და ისტორიაში პირველად გახდეს სამმაგი ჩემპიონი. და თუ ისლამთან წააგებს, მას ექნება თავის გასამართლებელი საბაბი, რომ ორი წონითი კატეგორიით მაღლა ავიდა,"
- განაცხადა ცარუკიანმა Sport24-თან ინტერვიუში.
ილია თოფურია, რომელმაც ივნისში მსუბუქ წონაში ვაკანტური საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, მიმდინარე წელს ოქტაგონზე დაბრუნებას არ გეგმავს და ტიტულის პირველ დაცვას, სავარაუდოდ, 2026 წლის დასაწყისში შემოგვთავაზებს.