Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

შარლოტა - დეტროიტი 114 - 98

 

გასული ტური საკალათბურთო ასოციაციაში ჩრდილოეთ კაროლინაში გაიხსნა, სადაც „შარლოტმა“ ყოველგვარი პრობლემების გარაშე 16 ქულიანი სხვაობით დაამარცხა „დეტროიტ პისტონსი“.

„ჰორნეტსმა“ უპირატესობა საწყის მეოთხედშივე მოიპოვა და პირველი ტაიმი 24 ქულიანი სხვაობით მოიგო. „შარლოტას“ რიგებში ერთბაშად 7 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. ორმაგი დუბლი მიითვალა დუაით ჰოვარდმა - 17 ქულა, 12 მოხსნა.

„დეტროიტს“ გრიფინმა ულიდერა - 20 ქულით. მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში ანდრე დრამონდმა - 14 ქულა, 14 მოხსნა.

27 მოგებითა და 33 მარცხით „შარლოტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

კლივლენდი - სან ანტონიო 94 – 110

 

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი კლივლენდში გაიმართა, სადაც „სპურსმა“ ყოველგვარი პრობლემების გარაშე დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი - „კლივლენდ კავალიერსი“.

ტრადიციულად „კლივლენდს“ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, „მეფეს“ სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა - 33 ქულა, 13 მოხსნა, 9 გადაცემა. „კავსის“ პრობლემა კვლავ არასტაბილურობაა, ჯეიმსის გარდა სასტარტოს 4-მა მოთამაშემ მხოლოდ 14 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„სპურსის“ რიგებში ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა 27 ქულით, სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო დენი გრინი, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 5 სამქულიანი მოათავსა კალათში.

„სან ანტონიო“ 4 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 36 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

 

მილოუკი - ნიუ ორლეანი 121 – 123

 

საკმაოდ დაძაბული გამოდგა „მილოუკისა“ და „ნიუ ორლეან“ დაპირისპირება, „პელიკანსმა“ ოვერტაიმში მოახერხა „ბაქსის“ წინააღმდეგობის გატეხვა და ორი ქულის სხვაობით დაამარცხა „მილოუკი“.

„ხარირმებს“  კრის მიდლტონმა ულიდერა 25 ქულით, 20 ქულა მიითვალა იანის ანტატეკუნპომ, სათადარიგო სკამიდან 18 ქულა შესძინა გუნდს ჯაბარი პარკერმა.

„პელიკანსის“ რიგებში 36 ქულა მიითვალა ჯრუ ჰოლიდეიმ, რიგით 34-ე ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა - 27 ქულა, 13 მოხსნა.

33 მოგებითა და 26 მარცხით „პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

დენვერი - ჰიუსტონი 114 – 119

 

დასავლეთ კონფერენციაში დომინაციას განაგრძობს „ჰიუსტონი“, ტეხასელებმა ზედიზედ მე-12 თამაში სტუმრად „დენვერთან“ მოიგეს.

„როქეთსს“ ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 41 ქულით, 23 ქულა შესძინა გუნდს კრის პოლმა.

„დენვერის“ რიგებში კვლავ გასაოცარი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, სერბ ცენტრს სამმაგ დუბლამდე 2 გადაცემა დააკლდა და 21 ქულა, 14 მოხსნა და 8 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. თამაში არ წაუვიდა გარი ჰარისს, „დენვერის“ 23 წლის უკანახაზელმა 12-დან მხოლოდ 2 ბურთი მოათავსა კალათში.

46 მოგებითა და 13 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

ვაშინგტონი - ფილადელფია 109 – 94

 

გასული ტურის დასკვნითი მატჩი ვაშინგტონში გაიმართა, სადაც ჯონ ვოლის გარაშე მოთამაშე „ვიზარდსმა“ ყოველგვარი პრობლემების გარაშე 15 ქულიანი სხვაობით დაამარცხა „სევენთი სიქსერსი“.

„ჯადოქრებს“ ბილი, პორტერის დუეტმა ულიდერა 24 და 23 ქულით, სათადარიგო სკამიდან 19 ქულა ჩაიწერა აქტივში კელი უბრე ჯუნიორმა.

„ფილადელფიას“ რიგებში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ჯოელ ემბიდმა - 25 ქულა, 10 მოხსნა. 16 ქულა შესძინა გუნდს ბენ სიმონსმა.

35 მოგებითა და 25 მარცხით „ვაშინგტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები