„UFC-სთან მოლაპარაკებები გვაქვს, არ ვიცი, როდის ვიჩხუბებ“ | ილია თოფურია
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა WOW-ის ღონისძიების პრესკონფერენციისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ UFC-სთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.
„სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, როდის ვიჩხუბებ. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები გვაქვს, რათა მიმდინარე და მომდევნო წლისთვის კალენდარი დავარეგულიროთ. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ამ მომენტისთვის, ისიც არ ვიცი, მომდევნო მეტოქე ვინ იქნება.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და ბრაზილიელი მებრძოლი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. „დუ ბრონქსთან“ გამარჯვების შემდეგ, ილია UFC-ის Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
რაც შეეხება თოფურიას მომდევნო მოწინააღმდეგეს, უცხოურ პრესაში ჯასტინ გეიჯის, პედი პიმბლეტისა და არმან ცარუკიანის ვარიანტებს აჟღერებენ. დღეს, არმანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ილიამ მასთან უნდა იჩხუბოს ან ქამარი ვაკანტური გახადოს.