„ტოპ კლასის ფეხბურთელი“ | Le Parisien კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. „კვარამ“ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. 13 წუთში კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, Le Parisien-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„შურისძიება უნდოდა? სურდა, თავისი მთავარი მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა? ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, აშკარად დაამტკიცა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელია.
74-ე წუთზე, ლუის სუარესის გოლის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი მდევრის როლში აღმოჩნდა და ქართველმა გარემარბმა წონასწორობა საოცარი დარტყმით აღადგინა. უსმან დემბელესგან მიღებული პასის შემდეგ კვარაცხელიამ თავისი მეურვე ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და მარჯვენა ფეხით, მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა.
ეს გოლი ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონში მეშვიდეა. მან ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასა და ლევერკუზენს გაუტანა, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფლამენგოს კარი აიღო და ლიგა 1-ში ლიონთან და რენთანაც გამოუჩენია თავი. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემაა,“ — წერს Le Parisien.
ცნობისთვის, ლიგის ფაზის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. „პარი სენ-ჟერმენი“ ბოლო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.