ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რომელ ადგილებზე არიან ქართველების გუნდები
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ Goal-მა და Opta-მ თავიანთი რეიტინგები განაახლეს. Goal-ის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი „არსენალია“, რომელსაც ამ მომენტისთვის 7-დან 7 გამარჯვება აქვს.
მეორე ადგილზე „ბაიერნი“ იმყოფება, „რეკორდმაისტერის“ შემდეგ კი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მოდის. „ბარსელონა“ მეოთხე პოზიციას იკავებს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“, მეხუთე ადგილზეა. პსჟ-მ ბოლო შეხვედრა „სპორტინგთან“ 1:2 წააგო და ორი პოზიციით დაქვეითდა.
გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი ტოპ 10-ში ჯერჯერობით ვერ ხვდება, თუმცა მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა და Goal-ის რეიტინგიდან ამოვარდა.
Goal-ის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად Opta-ც „არსენალს“ მოიაზრებს და „მეთოფეებს“ ჩემპიონობის 30.75%-იან შანსს აძლევს. მეორე ადგილზე „ბაიერნია“ — 16.75%. „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ მესამე-მეოთხე პოზიციებს იკავებენ — 8.81% და 8.48%.
Opta-ს მიხედვით, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მხოლოდ 5.83%-იანი შანსი აქვს. ქოჩორაშვილის „სპორტინგის“ წარმატების ალბათობა 1.17%-ით ფასდება. Opta-ს რეიტინგში მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ბოლოსწინა ადგილზეა.
Goal-ის ტოპ 10: 1) არსენალი 2) ბაიერნი 3) ლივერპული 4) ბარსელონა 5) პსჟ 6) რეალი 7) ატლეტიკო 8) მანჩესტერ სიტი 9) ტოტენჰემი 10) ნიუკასლი.
Opta-ს ტოპ 10: 1) არსენალი 2) ბაიერნი 3) მანჩესტერ სიტი 4) ლივერპული 5) ბარსელონა 6) პსჟ 7) რეალი 8) ჩელსი 9) ნიუკასლი 10) ინტერი.