ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი სათადარიგოზე ყოფნა არ გამიკვირდა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორან ფურნიემ, პარიზულ გამოცემა Le Parisien-თან ლისაბონის „სპორტინგისა“ და პსჟ-ს მატჩი შეაფასა. მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და, როდესაც ლისაბონელები 1:0-ს იგებდნენ, ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

აი, რას ამბობს ფურნიე:

„პსჟ-ს მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, ეს წაგება უსამართლოა. „სპორტინგმა“ მხოლოდ ორი მომენტი შექმნა და ორივე გოლად აქცია. მიმაჩნია, რომ პრესინგის დროს მოთამაშეები აქტიურები იყვნენ. მართალია, მეტოქის კართან ფორტუნამ ზურგი გვაქცია, მაგრამ დღეს ვიხილეთ ის პარიზული გუნდი, რომლის ნახვაც ყველას გვინდა — განსაკუთრებით ბურთის ართმევისა და პრესინგის კომპონენტებში. სხვაობის დასაფიქსირებლად მხოლოდ საგოლე მომენტების რეალიზაცია და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე დაგვაკლდა“.

გაგიკვირდათ კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე ნახვა?

„არა, არ გამკვირვებია. ოთხივე შემტევი იმსახურებს სასტარტოში ყოფნას და როტაცია ნორმალური მოვლენაა. კვარამ გატანილი გოლით აჩვენა, რომ თამაში სურდა, თუმცა სრულიად ლოგიკური იყო სათამაშო დროის მიცემა ბარკოლასთვის, რომელმაც „ლილის“ წინააღმდეგ გაიტანა. ამჯერად, მას შეტევაში იღბალი დააკლდა. ლუის ენრიკე მართალია, როცა როტაციას მიმართავს, რადგან ასეთი მაღალი ხარისხის ოთხი თავდამსხმელი ჰყავს“.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე, ასევე, 2 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ლიგა 1-ს, ქართველი შემტევის მონაგარი 15 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 7 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ 13 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი ლიგის ფაზის დასკვნით შეხვედრას 28 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნიუკასლთან“ გამართავს, მანამდე კი, 23 იანვარს, ლიგა 1-ში „ოსერს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ კლასის ფეხბურთელი“ | Le Parisien კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა
„ტოპ კლასის ფეხბურთელი“ | Le Parisien კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა