„სწრაფი კალათბურთი უნდა მოვახვიოთ თავს“ - ფინური პრესა საქართველოს ნაკრებზე
ფინური გამოცემა Ilta-Sanomat-ი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შესახებ წერს, რომლის წინააღმდეგაც ფინელები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებენ.
გამოცემის ჟურნალისტი, ტონი პიეტილა წერს, რომ მეოთხედფინალში ყველა სერბეთსა და საფრანგეთს ელოდა, თუმცა მსოფლიო და ევროპული კალათბურთის ეს ორი გიგანტი (ესპანეთის მსგავსად) სამშობლოში გაემგზავრა, ხოლო მათ ნაცვლად მეოთხედფინალში ფინეთი და საქართველო ითამაშებენ.
რას წერს გამოცემა:
„ფინეთის ნაკრები მეოთხედფინალში წინა ევრობასკეტზეც იყო, საქართველო კი ამ ეტაპამდე პირველად მივიდა. ერთი შეხედვით, ეს სასურველი სცენარია: გამოცდილი საფრანგეთის ნაცვლად საქართველოს უნდა ვეთამაშოთ, მაგრამ იქნება თუ არა მათი დამარცხება მარტივი?
საქართველოსთან მატჩში საფრანგეთი ფავორიტად ითვლებოდა და შესაძლოა, ვიქტორ ვემბანიამასა და რუდი გობერთან ერთად ფრანგები სულ სხვაგვარად ითამაშებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ გამოცდილება დააკლდათ. „სამფეროვნებს“ აკლდა ფიზიკური ძალა, შორეული სროლები და კარგი გამთამაშებელი, რომელიც პარკეტზე თავის გუნდს უპირატესობას შეუქმნიდა.
საფრანგეთი ფინეთისთვის ხელსაყრელი მეტოქე იქნებოდა - მათ არ ჰყავთ კარგი გამთამაშებელი, რაც ლაური მარკანენს კომფორტულად თამაშის საშუალებას მისცემდა. თუმცა ფრანგები ევრობასკეტს უკვე დაემშვიდობნენ, ფინეთმა კი საქართველოს ბარიერი უნდა გადალახოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკმაოდ ფიზიკური და ნელი გუნდი ჰყავთ, ფინეთს კი ნელი „მაღლების“ წინააღმდეგ თამაში კარგად გამოსდის. მეორე მხრივ, საქართველოს ჰყავს კამარ ბოლდუინი და თორნიკე შენგელია, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე თავიანთი ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს თუ გავითვალისწინებთ, ფინეთის ნაკრებს აქვს საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოსთან მატჩისთვის სრული სერიოზულობით მოემზადოს. ქართველებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს საფრანგეთს, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს და ფინეთისთვისაც შეუძლიათ პრობლემების შექმნა.
მიუხედავად ამისა, სერბეთის დამარცხების შემდეგ ფინეთი უბრალოდ ვალდებულია, საქართველოც დაამარცხოს. ყველაფერი თამაშის რიტმზე იქნება დამოკიდებული - ფინეთმა მეტოქეს სწრაფი და ინტენსიური კალათბურთი უნდა მოახვიოს თავს. ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“.
ცნობისთვის, ფინეთის ნაკრებმა ჯგუფში 3 მოგებითა და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა (გერმანიისა და ლიეტუვის შემდეგ), მერვედფინალში კი 92:86 სერბეთს სძლია. „მგლების ხროვის“ ლიდერი „იუტა ჯაზის“ ფორვარდი ლაური მარკანენია, რომელიც ამ ტურნირზე საშუალოდ 26 ქულას, 8.2 მოხსნას, 2.7 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 0.2 დაფარებას აგროვებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველო-ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.