„მეცინება, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს“ - ჯონსმა კორმიეს უპასუხა
ჯონ ჯონსისა და დენიელ კორმიეს გზები UFC-ში ორჯერ გადაიკვეთა და ორივე ბრძოლა „ბოუნსის“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე დაპირისპირების შედეგი, როდესაც ჯონმა დენიელი ნოკაუტით დაამარცხა, გაუქმებულია, რადგან გამარჯვებულის სისხლში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა და დოპინგ-სკანდალის გამო, ჯონსს 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მათ შორის კარგი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, თუმცა როგორც ჩანს, კორმიეს ბოლო საქციელმა, რომელმაც ჯონსი UFC-ის ყველა დროის სამ საუკეთესო მებრძოლს შორის არ შეიყვანა, ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა და ყოფილ მოწინააღმდეგეს ასეთი პასუხი გასცა:
„უამრავი პრიზი და ქამარი მაქვს მოგებული, ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ გამოჩნდა ასეთი ადამიანი დენიელ კორმიე, რომელსაც სურს, რომ ჩემი ყველა წარმატება სტეროიდების არსებობას მიაწეროს. ეს ყველაფერი შეურაცხყოფაა, მაგრამ არ შემიძლია ამას სერიოზულად შევხედო და არ გამეცინოს. ალბათ ღვთისგან ბოძებული ის ნიჭი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ზურგს მიმაგრებდა, ჩემს კონკურენტებს მოსვენებას ახლაც არ აძლევს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს“.
ჯონ ჯონსის გარდა, დენიელ კორმიემ UFC-ის ყველა დროის სამ საუკეთესო მებრძოლს შორის დოპინგის ტესტის ჩაგდების გამო ბრაზილიელი ანდერსონ სილვაც არ შეიყვანა და თავისი ფავორიტი ტრიო დემეტრიუს ჯონსონით, ჟორჟ სენ-პიერითა და ხაბიბ ნურმაგომედოვით დააკომპლექტა.